კასრაძე ნინო ვილენის ასული (დ. 3. III. 1970, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. 1991 დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტი. 1993-იდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აქ განხორციელებული მნიშვნელოვანი როლებია: შენ ტე, შუი ტა (ბ. ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი", მიენიჭა წლის საუკეთესო მსახიობი ქალის წოდება თეატრ. საზ-ბის მიერ, 1994); ირინე (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება"); ლედი მაკბეტი (უ. შექსპირის „მაკბეტი", საქართვ. სახელმწ. პრემია, 1996; რუსთავის თეატრ. ფესტივალ „ოქროს ნიღბის" გრან-პრი და წინანდლის პრემია, 2000); ლამარა (გ. რობაქიძის „ლამარა"); ქერესტანი (კ. გოცის „ქალი-გველი"); გერტრუდა, ვიოლა (უ. შექსპირის „ჰამლეტი", „შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ"); მართა (დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი"); დეზდემონა (კ. ხოდიკიანის „ტრაქტატი ცხვირსახოცის შესახებ"); დოდო (თ. ჭილაძის „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო"); ბაბეტა (მ. ფრიშის „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი"); კლიტემნესტრა (სოფოკლეს „ელექტრა“); ტელმა (ტ. სტოპარდის „მაგრიტის შემდეგ“), მესამე ქალი (ლ. ბუღაძის „ლისისტრატე“, პრემია „დურუჯი"; 2016). მონაწილეობდა სპექტაკლებში „იაკობის სახარება", „სტიქსი" და სხვ. სამეფო უბნის თეატრში შესრულებული როლებისათვის სოლანჟი (ჟ. ჟენეს „მოახლეები" (2015) და მარინა რევია (ა. ჩიღვინაძის „მარინა რევია"; 2016) მიენიჭა წლის საუკეთესო მსახიობი ქალის წოდება თანამედროვე თეატრის კვლევის ცენტრის მიერ, ხოლო როლისათვის მარინა რევია იგივე წოდება მიიღო თეატრ. საზ-ბისგან.
კ-ს შესრულებული აქვს როლები კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში, მ. შ. ნინო („ორფეოსის სიკვდილი"; რეჟ. გ. შენგელაია; 1996), მერი („მარტოობის ორდენის კავალერი"; რეჟ. ა. ცაბაძე; 1998), ნანა („გასეირნება ყარაბაღში"; რეჟ. ლ. თუთბერიძე; 2005), ანა („დინოზავრი"; რეჟ. მ. ზუბაშვილი; 2013), ნინო („კრედიტის ლიმიტი"; რეჟ. ნ. ალექსიმესხიშვილი; 2014), ეკა („ოჯახი"; რეჟ.: დ. ცინცაძე; 2017), მაკა („ჩემი ცოლის დაქალები“) და სხვ.
თ. კახიანი