კასრაძე დავით ილარიონის ძე

კასრაძე დავით ილარიონის ძე (27. XII. 1885, სოფ. ავნევი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი,– 16. II. 1965, თბილისი), მწერალი. დაამთავრა გორის სას. სასწავლებელი, შემდეგ თბილ. სამხატვრო სასწავლებელი. 1908–10 სწავლობდა პარიზის უნ-ტის ფილოს. და ლიტ-რის ფაკ-ტზე. კ-ის კრიტ.-პუბლიც. წერილები და მოთხრობები 1901-იდან იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. 1923 იყო ბათუმის გაზ. „მწვერვალის" რედაქტორი. კ-ის თხზულებათაგან აღსანიშნავია რომანები: „გურანდა" („როსკიპი", 1912, მასში მძაფრადაა გაკრიტიკებული ცარიზმის რეჟიმი), „კეთრი" (1928); ჰეროიკული პოემა „ლეგენდა რუსთაველზე" (1961); ისტ. რომანი „იბერიის ­დედოფალი" (1964). ავტორია ორიგინ. და გადმოკეთებული პიესებისა: „მეფე არლეკინი" (1912), „რია" (1918), „ციხის ცრემლები" (1922), „იუდა" (1924) და სხვ.

კ-მ თარგმნა ლ. ტოლსტოის, ნ. გოგოლის, ი. ტურგენევის, მოლიერის, ა. ფრანსის, ე. ზოლას, მ. მეტერლინკის, ე. როსტანის, კ. გოლდონის და სხვათა თხზულებანი. ავტორია მონოგრაფიებისა ქართ. სცენის მოღვაწეებზე („ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხი­შვი­ლი", 1913; „ალექსანდრე წუწუნავა", 1957), წერილებისა ქართ. ლიტ-რისა და თეატრ. ხელოვნების საკითხებზე. წერდა საბავშვო ნაწარმოებებსაც. 1932 შეადგინა და გამოსცა ოსური ლიტ-რის პირველი ანთოლოგია ქართ. ენაზე.

თხზ.: ლიტერატურული პორტრეტები, თბ., 1962; კეთრი, თბ., 1965.

ვ. ცისკარიძე