კარტოზია გურამ ალექსანდრეს ძე (31. X. 1934, თბილისი, – 9. XII. 2010, იქვე), ენათმეცნიერი. პროფესორი (2004). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1957). 1958–59 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ცენტრ. სამეცნ. ბ-კაში სწავლულ მდივნად, 1963 – საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის მეცნიერ თანამშრომლად, 1966-იდან – ამავე კომისიის (1969-იდან – მთავარი რედაქციის) სწავლულ მდივნად. 1994-იდან მოღვაწეობდა თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში, სადაც 1999 სათავეში ჩაუდგა ქართველურ ენათა სამეცნ.-კვლევით ლაბორატორიას. კ. წლების განმავლობაში იყო შოთა რუსთაველის სახ. ლიტ-რის ინ-ტისა და პედ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოების წევრი, ჟურნ. „ენათმეცნიერების საკითხების" სარედაქციო კოლეგიისა და „ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის" სარედაქციო საბჭოს წევრი. კ-მ გ. წერეთელთან და ს. ცაიშვილთან ერთად გამოსაცემად მოამზადა „ვეფხისტყაოსნის" ტექსტი (1966, რედ. გ. წერეთელი, ი. აბაშიძე). მისი მონაწილეობით მომზადდა „ვეფხისტყაოსნის" აკად. გამოცემის ტექსტი, რ-ის ძირითადი ნაწილი (ჩანართი სტროფების გარეშე) დაიბეჭდა 1988. „ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენის ენობრივ ასპექტებს ეხება მისი ცალკეული წერილები და ნაშრომი «„ვეფხისტყაოსნის" ტექსტის საკითხები» (1975). იგი იკვლევდა ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხებსა და საერთო ქართველურ ლექსიკას, საბიბლიოთეკო დარგის ტერმინოლოგიას. კ-მ დაადგინა და გამოსაცემად მოამზადა თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულების – „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" – ტექსტი, რისთვისაც დაჯილდოვდა ივ. ჯავახიშვილის სახ. პრემიით.
თხზ.: ტექსტოლოგიური გამოკვლევები, თბ., 2004; ლაზური ენა და მისი ადგილი ქართველურ ენათა სისტემაში, თბ., 2005; მეგრული და ლაზური ტექსტები, თბ., 2008; მეგრულის ლინგვისტური ანალიზი, თბ., 2010; საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი, თბ., 1962, გამოც. მე-2, თბ., 1974 (თანაავტ. გ. გიორგიძე).