კარტოზია ალექსანდრე სოლომონის ძე (18. I. 1899, სოფ. ნოქალაქევი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 9. III. 1958, თბილისი), პედაგოგი, მეთოდისტი. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1941). 1930–34 სწავლობდა თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ბიოლ. განყ-ბაზე. ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თსუ-ის ფიზიოლ. ინ-ტში ი. ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით. 1935–37 შეთავსებით მუშაობდა ა. პუშკინის სახ. სამასწავლებლო ინ-ტში ფიზიოლოგიის კათედრაზე. კ. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. 1922 იყო სოფ. გეჯეთის (ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი) შვიდწლიანი შრომითი სკოლის მასწავლებელი, 1927–30 – ბეთლემის (ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი) ოთხწლედის გამგე, 1937-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილ. 33-ე საშ. სკოლაში (ამჟამად მე-18 საჯარო სკოლა) თავდაპირველად სასწ. ნაწილის გამგედ, ხოლო 1940-იდან – დირექტორად. კ. ავტორია სასწ.-მეთოდური ხასიათის შრომებისა, მ. შ. აღსანიშნავია მონოგრაფია „ნერვული სისტემის სწავლება მე-8 კლასში".