კაპანაძე დავით გიორგის ძე (15. IV. 1898, თბილისი, – 7. III. 1971, იქვე), ნუმიზმატი. დოქტორი (1958), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967), დაამთავრა გორის კლასიკური გიმნაზია. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ნუმიზმატიკის განყ-ბის გამგე (1959–71). კ. 1937-იდან მონაწილეობდა საქართველოს არქეოლ. ექსპედიციებში (მცხეთა, გუდარეხი, კლდეეთი, ბიჭვინთა და სხვ.), გამოავლინა მრავალი უცნობი ქართ. მონეტა, დაადგინა ზოგიერთის ქართ. წარმომავლობა, მნიშვნელოვანი შესწორება შეიტანა ქართ. მონეტების დათარიღებაში და სხვ. ქართ. ცენტრ. და საზღვარგარეთის ჟურნალებში გამოაქვეყნა მრავალი სამეცნ. ნაშრომი ქართ., რუს., გერმ., პოლონურ და ჩეხურ ენებზე. კ-მ თავისი პუბლიკაციებით მსოფლიოს გააცნო ქართ. ფულის ისტორია და გააცხოველა ინტერესი ამ პრობლემისადმი. მისი შრომებიდან მნიშვნელოვანია "ქართული ნუმიზმატიკა" (მრავალჯერ გამოიცა ქართ. და რუს. ენებზე). კ-მ დიდი სამუზეუმო მუშაობა გასწია (მონეტების შეგროვება, განსაზღვრა, კოლექციის სისტემატიზაცია და დაცვა).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: წარსულის მაცნეები, თბ., 1965; ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; Грузинская нумизматика, Тб., 1950; Новый тип монеты Давида Строителя, «Византийский временник», 1956, т. 8; О продолжительности обращения динариев Августа и драхм Готарза в древней Иберии, «Советская археология», 1962, №4.
ვ. ლექვინაძე