კაპანაძე იასონ ლუკას ძე (ფსევდ. – თ ა ვ ბ ე რ ა) (19. XII. 1857, სოფ. ბოსლევი, შორაპნის მაზრა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 28. XII. 1931, იქვე), პედაგოგი. საქართვ. სახალხო მასწავლებელი. დაამთავრა ქუთაისის სას. სასწავლებელი (1876), ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად გამოცდები ჩააბარა. მოკლევადიანი პედ. პრაქტიკა გაიარა ხონში და 1877 მუშაობა დაიწყო სოფ. მარნის დაწყებით სკოლაში, სადაც 22 წელი მოღვაწეობდა. ი. გოგებაშვილის დახმარებით, სკოლასთან ქართ. წიგნების მდიდარი ბ-კა შეიქმნა. 1897 კ. სოფ. ნიკორწმინდაში გადავიდა მასწავლებლად, ხოლო 1898 – სოფ. კაცხის სკოლაში, რ-იც ერთ-ერთ სანიმუშო სასწავლებლად აქცია. 1901 კ-მ მშობლიურ სოფელში გახსნა დაწყებითი სკოლა, რ-საც 30 წელი ხელმძღვანელობდა. მისი ძალისხმევით სკოლა თავდაპირველად 2-კლასიანი სასწავლებელი გახდა, ხოლო შემდეგ 7-წლიან სკოლად გადაკეთდა. კ-ის მოღვაწეობის შედეგად გაუმჯობესდა სოფ. ბოსლევის რკინიგზის სადგურის მუშაობა, შეიქმნა საფოსტო განყ-ბა, დაარსდა შემნახველი სალარო, სოფლის საურთიერთო ამხანაგობა, ბ-კა-სამკითხველო და სხვ. კ. ეწეოდა ნაყოფიერ ლიტ. მუშაობასაც. მისი წერილები 1878- იდან იბეჭდებოდა მაშინდელ ქართ. და რუს. ჟურნ.-გაზეთებში და იმდროინდელი საქართველოს პედ. და საზ. ცხოვრების მრავალ საჭირბოროტო საკითხს ეხებოდა. კ-ს ეკუთვნის ბროშურა „სოფლის მასწავლებლის ხმა" (1906) და საისტ.-ეთნოგრ. ნარკვევი „სოფელი საჭილაო", რ-იც დაიბეჭდა კრებულში „Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа" (XXVII გამოშვება). კ. იყო ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წევრი (1893-იდან).
ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 1, თბ., 1953.
თ. ალიბეგაშვილი