კაპანაძე ლია დავითის ასული

ლ. კაპანაძე

კაპანაძე ლია დავითის ასული (დ. 8. III. 1934, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. სა­ქართვ. დამს. არტისტი (1979). 1959 დაამთავრა სა­ქართვ. შოთა რუს­თაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. სხვა­და­სხვა წლებში მუ­შა­ობდა შო­თა რუსთაველის (1959–70), კ. მარჯანი­შვი­ლის (1970–80) თეატ­რებში. დღემდე მ. თუმანი­შვი­ლის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში – ლოლა (რ. ებრალიძის „თანამედროვე ტრაგედია"), მაიკო (ვ. როზოვის „ხალისიანი მეგობრები"), ჯენი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა"), სარე (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია"), აბიგაილი (ა. მილერის „სეილემის პროცესი"), ტატიანა (მ. გორკის „მდაბიონი"), ქალი (გ. ნახუცრი­შვი­ლის „ფიროსმანი"), იპოლიტა (უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი") და სხვ.; კ. მარჯანი­შვილის თეატრში – ლია (პ. კაკაბაძის „სამი ასული"), ქურთი მეეზოვე (ჯ. იოსელიანის „ტაკიმასხარა"), დედა (ნ. დუმბაძის „ნუ გეშინია, დედა"), დალი (ჯ. მონიავას „აღუვსებელი საწყაული), კალანტაი (მ. შატროვის „30 ივლისი") და სხვ. მ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში – მარია ბოსეფა (ფ. გ. ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი"), ბებია (თ. ჯუჯენო ლილუს „ზვავი") და სხვ.

1963-იდან იღებენ კინოფილმებში. მთავარი როლი (პირიმზე) შეასრულა ფილმში „დიდი მწვანე ველი" (რეჟ. მ. კოკოჩა­შვი­ლი, 1967), სადაც ემოციურად, დამაჯერებლად გადმოსცა დრამა ცივი­ლიზაციას მოწყვეტილი ახალგაზრდა ქალისა, რ-იც საკუთარი არჩევანის უფლების მოპოვებას ცდილობს. მონაწილეობს ფილმებში: „ფერისცვალება" (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1968), „დიდედები და ­შვი­ლიშვილები" (რეჟ. ნ. მჭედლი­ძე, 1969), „წყალდიდობა" (რეჟ. თ. გოშაძე, 1970), „ლია, პაპა და პატარა მედოლე" (რეჟ. პ. ჩარკვიანი, 1973), „კაცები" (რეჟ. ბ. რაჭველიშვილი, 1974), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (რეჟ. ყ. მგელაძე, 1975), „ამბა­ვი აფხაზი ჭაბუკისა" (რეჟ. ა. ჟღენტი, 1977), „ჰელადოს" (რეჟ. ყ. მგელაძე, 1979), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ" (რეჟ. ყ. მგელაძე, 1980), „საფეხური" (რეჟ. ა. რეხვიაშვილი, 1986), „ანემია" (რეჟ. ვ. კო­ტეტიშვილი, 1987), „ცოდვის დღე­სასწაული" (რეჟ. ე. ბადურაშვილი, 1990), „ვირთხა" (რეჟ. პ. მი­ლორავა, 1991), „ტბა" (რეჟ. კ. კი­კაბიძე, 1996), „ბოდვა" (რეჟ. თ. ბზი­ავა, 2003), მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ლუკა" (ნინა; რეჟ. გ. ბარაბაძე, 2016) და სხვ.

მ. კერესელიძე