კაპანაძე ნუკრი გრიგოლის ასული (დ. 19. IX. 1964, ქ. ზესტაფონი), მომღერალი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2002, თ. ჭოხონელიძესა და ე. მამალაძესთან ერთად). 1987 დაამთავრა სპი-ის ქიმიის ფაკ-ტი. სიმღერა დაიწყო ანსამბლ „თაიგულში", ასრულებდა სიმღერებს ძირითადად დები იშხნელების რეპერტუარიდან. სტუდენტობის პერიოდში მღეროდა ინ-ტის ვოკალურ ტრიოში, დუეტებში. XX ს. 90-იანი წლებიდან როგორც სოლისტი აქტიურად მონაწილეობდა თბილისში გამართულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან კონცერტში. კ-ის მიერ შესრულებული სიმღერებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია რ. სეფისკვერაძის მიერ სპეციალურად მისთვის დაწერილი „იმერეთი". საგასტროლოდ იყო ევროპის მრავალ ქვეყანაში, აშშ-ში. კ-ის შესრულება გამოირჩევა განსაკუთრებული მუსიკალურობით, ხმის ფართო დიაპაზონით, ქართ. სიმღერისათვის დამახასიათებელი ნიუანსების ოსტატური გამოყენებით.
2009 კ-მ ბავშვებისათვის დააარსა „ნუკრის სტუდია", სადაც იგი თავის გამოცდილებას გადასცემს მომავალ თაობას. ეწევა აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას. ჩაწერილი აქვს 4 ალბომი. ბოლო ალბომი სახელწოდებით „რეპეტიცია" გამოსცა 2014. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2007).
ნ. გელოვანი