კაპადოკიელთა ფილოსოფია, IV ს. II ნახევარში კაპადოკიის „სამი დიდი მნათობის“ (ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი და გრიგოლ ნოსელი) მიერ შექმნილი ქრისტიანული ფილოსოფიის მოდელი. თავიანთ შრომებში ეს სამი კაპადოკიელი წმ. მამა ეყრდნობა ადრინდელ ქრისტიან ავტორებს, იყენებს ელინისტური ფილოსოფიის მდიდარ ტერმინოლოგიას და ქმნის ქრისტ. ფილოსოფიის მთავარ პრინციპებს, რ-ებმაც არსებითად განსაზღვრა ქრისტ. აღმოსავლეთის სააზროვნო ტრადიცია და დღემდე ინარჩუნებს დიდ ზეგავლენას. მათი აზრით, „ჭეშმარიტი ფილოსოფია“ მხოლოდ ქრისტიანული შეიძლება იყოს. ამდენად, მათი აზროვნება „ღვთაებრივის“ სტატუსს იძენს და, უწინარეს ყოვლისა, მიმართულია „წმიდას“ შემეცნებისა და გაგების გზების სრულყოფისკენ. მაშასადამე, აქ ტრანსცენდენტული არსი ჭეშმარიტი ფილოსოფიის მთელ შინაარსს წარმოადგენს. ქრისტ. ფილოსოფია განასახიერებს ცხოვრების გარკვეულ წესს, რ-იც ბერმონაზონთა ასკეტურ ცხოვრებაში აისახება. ბერმონაზვნური ცხოვრების წესის შესაბამისი ადგილი კი არის მონასტერი. მაშასადამე, ასეთი სახის ფილოსოფია მხოლოდ თეორიაში კი არ რეალიზდება, არამედ პრაქტიკაში. ბერმონაზონი არის „ჭეშმარიტი ფილოსოფოსი“, რადგან იგი ფილოსოფიის უმთავრეს მიზანს – ტრანსცენდენტურ არსებას, ღვთაებას სწვდება. ბერმონაზონი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი ფილოსოფოსი, ახერხებს ანტ. ხანის ფილოსოფოსთა და ბრძენთა ცალმხრივობების გადალახვას. ამდენად, რასაც ბერმონაზონი განიცდის და გრძნობს, თითოეული ადამიანის სწრაფვის ობიექტი უნდა იყოს.
შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია, უწინარეს ყოვლისა, ქრისტ. ეკლესიის ბერძენი მამების მოძღვრებათა საფუძველზე ჩამოყალიბდა. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სწორედ ამ სამი დიდი კაპადოკიელი მამის ღვაწლი და შემოქმედება. X–XI სს. საქართველოში კაპადოკიელთა მრავალი ნაშრომი ითარგმნა ქართულად. მათ ნაშრომებს ინტენსიურად თარგმნიდნენ ათონის ივერთა მონასტერში, ასევე ექვთიმე ათონელი და გიორგი მთაწმიდელი. ეს შემთხვევით არ მომხდარა, რადგან კაპადოკიელთა საღვთისმეტყველო ფილოსოფიაზე დაყრდნობით ქრისტ. რელიგიის ფილოს. საფუძვლების მოხაზვა და დადგენა არის შესაძლებელი. ძვ. ქართ. კულტურაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ბასილი დიდი და გრიგოლ ნაზიანზელი. მათ შემოქმედებას კარგად იცნობდნენ ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი. ეფრემ მცირეს კაპადოკიელთა თხზულებების მრავალი თარგმანი ეკუთვნის. შუა საუკუნეების ქართ. აზროვნებაში კაპადოკიელთა სულიერი და ინტელექტუალური ზეგავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ამ ფაქტის აღსანიშნავად ქართულ ფილოს. ისტორიოგრაფიაში სპეც. ტერმინიც კი დამკვიდრდა – „კაპადოკიელთა რენესანსი“. ამ საკითხის შესახებ საგანგებოდ მსჯელობს გ. თევზაძე თავის ნაშრომში „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია“. იგი სამართლიანად შენიშნავს, რომ X–XI სს. საქართველოში კაპადოკიელთა მიმართ ინტერესის ზრდამ ხელი შეუწყო არა მარტო მთარგმნელობითი კულტურის აღმავლობას, არამედ ფილოს. აზროვნების განვითარებასაც. ამ დროს დამკვიდრებული ჰუმანისტური იდეების საფუძველი ხშირად სწორედ კაპადოკიელთა ნააზრევშია საძიებელი. კაპადოკიელთა ქრისტ. ფილოსოფიის სხვადასხვა ასპექტებს ქართვ. მეცნიერთაგან საგანგებო კვლევები მიუძღვნეს კ. კეკელიძემ, შ. ნუცუბიძემ, მ. გოგიბერიძემ, მ. რაფავამ, თ. დოლიძემ, მ. მჭედლიძემ, ე. ჭელიძემ და სხვ.
ლიტ.: გ ო გ ი ბ ე რ ი ძ ე მ., ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1941; თ ე ვ ზ ა ძ ე გ., შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1996; კ ო ჭ ლ ა მ ა ზ ა შ ვ ი ლ ი ე., დ ო ლ ი ძ ე თ., წმინდა გრიგოლ ნოსელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 2009.
თ. ირემაძე