კაპადოკიური მონეტა

კაპადოკიური მონეტა, კაპადოკიაში (მცირე აზია) მოჭრილი ვერცხლისა და სპილენძის მონეტები. იყოფა ორ ჯგუფად: 1. საკუთრივ კაპადოკიის მეფეთა სახე­ლით მოჭრილი მონეტები, 2. რომის იმპერატორთა სა­ხე­ლით მოჭრილი მონეტები. პირველი ჯგუფის მონეტების ემისია დაიწყო არიარათ (არიარათე) I-ის (ძვ. წ. 333–322) ეპოქიდან და გრძელდებოდა ძვ. წ. 36–17-მდე. სამონეტო ტიპების რეპერტუარი არცთუ ისე მრავალფეროვანია, ხოლო ძვ. წ. III ს. 20-იანი წლებიდან ხდება მათი საბოლოო უნიფიკაცია. მონეტის შუბლზე ყოველთვის გამოსახულია კაპადოკიის მეფის პროფილი, ხოლო ზურგზე – მარცხნივ მიმართული ათენა მთელი ტანით, რ-საც გაწვდილ მარჯვენა ხელში უჭირავს გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს ქანდაკება, მარცხენაში კი – შუბი და გორგონას გამოსახულებიანი ფარი. ბერძნ. ლეგენდაში აღნიშნულია კაპადოკიის ამა თუ იმ მეფის სა­ხე­ლი და მონეტის მოჭრის თარიღი. კაპადოკიის მეფე­თა სა­ხე­ლით მოჭრილი დრაქმები აღმოჩენილია სა­ქარ­თვე­ლო­შიც, კერძოდ, ვანში [არიარათ VI (ძვ. წ. 130–116) – 1 ც. არიარათ VII (116–101) 1 ც., არიარათ IX (101– 87) 2 ც., არიობარძანე (96–63) – 2 ც.] და სხვაგან.

მეორე ჯგუფის მონეტების ემისია იწყება ახ. წ. 30 წ-იდან, კერძოდ, იმპ. ტიბერიუსის (14–37) დროს. თავდაპირველად იჭრებოდა დრაქმა, კალიგულას (37–41) ხანიდან ცირკულაციაში ჩართეს დიდრაქმა, ხოლო ნერონის ეპოქიდან (54–68) – ტეტრადრაქმები და ჰემიდრაქმები. სპილენძის მონეტები მოიჭრა კლავდიუსის (41–54) მმართველობისას. ემისია გრძელდებოდა III ს. შუა ხანებამდე. სა­მონეტო ტიპოლოგია მრავალფეროვანია, მაგრამ განსაკუთრებით გავრცელებულია მონეტების ზურგზე არგეის მთისა და ჰერაკლეს ლახტის გამოსახვა. შუბლზე ყოველთვის რომის იმპერატორის პორტრეტია ამოტვიფრუ­ლი. ზედწერილები ბერძნულია. კაპადოკიის მთავარი ქალაქის, კესარიის ზარაფხანა II ს-ში უდი­დესი მასშტაბით ახორციელებდა სამონეტო ემისიას და აკმაყოფილებდა მთელი მცირე აზიის ბაზრის მოთხოვნებს. ამ საერთო ეკონომიკურ ფერხულში ჩაბმული იყო კოლხეთიც. დას. სა­ქართვ. ტერიტორიაზე აღმოჩენილია 1200-მდე კაპადოკიური მონეტა (სო­ხუ­მის რ-ნი, ბიჭვინთა, ბანძა, სეფიეთი, ურეკი, სუფსა, ეკი და სხვ.). აღსანიშნავია, რომ კესარიული მონეტები ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ჩართული კოლხეთის სამონეტო ცირკულაციაში. ასე მაგ.: ადრიანეს (117–138) დიდრაქმები აღმოჩენილია III ს. 30-იან და 50- იან წლებში ჩამარხული განძების შემადგენლობაში (ეკი, ბიჭვინთა) ან მიკვლეულია III ს. შუა ხანის შემდეგ ხელშეუხებელ კულტურულ ფენაში (ბიჭვინთა).

ლიტ.: დ უ ნ დ უ ა  გ., სამონეტო მიმოქცევა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი ბიჭვინთაში ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით ძვ. წ. II – ახ. წ. IV სს., წგ.: დიდი პიტიუნტი, I, თბ., 1975; მ ი ს ი ვ ე , სა­ქარ­თველოს სამონეტო განძები (რომაული ხანის მონეტები სოფ. ეკიდან და სეფიეთიდან), თბ., 1979; დ უ ნ დ უ ა  გ., წ ი რ ღ ვ ა ვ ა  გ., ეკის განძი, «ძეგლის მეგობარი», 1971, №27–28; დ უ ნ დ უ ა  გ., ჯ ა ლ ა ღ ა ნ ი ა  ირ., ქარ­თული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; ფ უ თ უ რ ი ძ ე  რ., ბიჭვინთის შიდაციხის ცენტრალური ნაწილის არქეოლოგიური გათხრების შედეგები, წგ.: დიდი პიტიუნტი, I, თბ., 1975; Голенко К. В., Денежное обращение Колхиды в Римское время, Л., 1964; Иващенко М. М., Герзеульский клад монет Кесарии Каппадокийской, ИГАИМК, вып. 10, т. 7, Л., 1931; Лорткипанидзе Г. А., К истории древней Колхиды, Тб., 1970; S i - m o n e t t a B., Notes on the coinage of the Cappadokian Kings, NC, 1961; S y d e n h a m E., The coinage of Caesarea in Cappadokia, L., 1933.

გ. დუნდუა