კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების ძეგლი. აგებულია XII ს. მდებარეობს მცხეთის ჩრდ-ით, 5 კმ-ზე, მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე. ეკლესია დარბაზულია (4,51 მ × 2,72 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დას-ით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რ-ის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. მინაშენს სამხრ-იდან აქვს შესასვლელი. პირველი სართულის ჩრდ. ნაწილში, მეორე სართულზე (სამრეკლოზე) ასასვლელი სწორკუთხა ხვრელობია. ეკლესიაში შესასვლელი დას-იდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რ-ის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი გამოყოფილია აგურის კანკელით. სატრაპეზოს ქვის წყობაში ჩატანებულია სტელის ფრაგმენტი (ადრინდელი). აქვეა ქვის ემბაზი. სამხრ. კედელში ერთი სარკმელია. შესასვლელის თავზე გაჭრილი სარკმელი მინაშენის მეორე სართულის სათავსში გადის. ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII ს-ში. მხატვრობა მონუმენტური და მშვიდია, მაგრამ შეიმჩნევა დეკორაციულ-დინამიკური სტილისაკენ გადახრა. ხაზი მოძრავი და დენადია. კოლორიტი გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვანი გამით – ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, ბაცი მწვანე ფერები შეხამებულია მოწითალო ყავისფერთან. 1975 ჩატარდა ძეგლის სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები (ხელმძღვ. ვ. ცინცაძე).
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.