კალაძე თამაზ დავითის ძე (დ. 25. V. 1945, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1990). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1967) თეორიული ფიზიკის სპეციალობით. 1967–98 მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში მეცნიერ თანამშრომლად, 1998–2007 იყო ამავე ინ-ტის ლაბორ. გამგე, 2000 და 2005–07 – ჩინეთის მეცნ. აკადემიის მიწვეული პროფესორი (ქ. ნანჯინგი, „მეწამული მთის ობსერვატორია" = Purple Mountain Observatory), 2007–14 – ქ. ლაჰორის (პაკისტანი) სახელმწ. უნივერსიტეტ-კოლეჯის ფიზ. ფაკ-ტის უცხოელი პროფესორი, 2014-იდან კი თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში უფრ. მეცნიერი თანამშრომელია. 2017 კვლავ ქ. ლაჰორის სახელმწ. უნივერსიტეტ-კოლეჯში კითხულობდა ლექციებს.
კ-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა პლაზმის ფიზიკა; მაგნიტოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა; თერმობირთვული დანადგარების თეორია; მიწისძვრის წინამძღვრების თეორიული საკითხები; მზის ფიზიკა; არაწრფივი დინამიკა და ქაოსი. კ-მ (საქართველოში პირველად) დაიწყო ფიზ. ამოცანების რიცხვითი გათვლების რეალიზაცია ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებზე, საფუძველი ჩაუყარა თერმობირთვული არამდგრადობის თეორიას რეაქტორ ტოკამაკში.
მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ი. ვეკუას პრემია (2002); პაკისტანის მეცნ. და ტექნოლ. სამინისტროს პრემიები „ნაყოფიერი კვლევებისათვის“ (2011, 2012, 2013). არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.
ი. ლომიძე