კალანდია გიორგი ბორისის ძე

კალანდია გიორგი ბორისის ძე (დ. 31. III. 1975, თბილისი), ისტორიკოსი. ისტორიის მეცნ. დოქტორი (2003). 1996 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი, 2007 – ევროკავშირის პოლიტიკური სკოლა (სტრასბურგი), 2011 – ოქსფორდის უნ-ტის დუბლინის ECM კოლეჯი. კ-ს სამეცნ. კვლევის სფეროს დას. საქართველოს ისტორია (ცაიშის, ხობის, მოქვისა და დრანდის ეპისკოპოსთა ქრონოლ. რიგები; ცაიშის ფრესკული მხატვრობა, წალენჯიხის მონასტრის ეკვდერთა მოხატულობა, ბედიის საეპისკოპოსოს ისტორია, საზღვრები, ყმა-მოლაშქრეები) და უცხოეთში ქართული ისტ. კვალის ძიება წარმოადგენს.

1997–2002 მუშაობდა სტუდია „აუდიენციაში“ ჟურნალისტად და რედაქტორად. გადაცემა „ჩვენებურების“ ავტორი (2002–05 ტელეკომპანია „მზე“; 2005–08 ტელეკომპანია „იმედი“). 2009-იდან არის საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. მუზეუმის  ხელოვნების სასახლის დირექტორი, 2010-იდან - სდასუ-ს პროფესორი.

2004–11 კ-ს ხელმძღვანელობით საზღვარს მიღმა მცხოვრები ქართველების ტრადიციების, ფოლკლორისა და ენის თავისებურებების შესასწავლად თურქეთში მოეწყო რამდენიმე სამეცნ. ექსპედიცია, რ-ის დროსაც ფირზე დაფიქსირდა ათეულობით ქართ. სოფელი, ფოლკლორის ნიმუში და ისტ. ძეგლი. 2006 ექსპედიციამ მოამზადა სამეცნ. დოკუმენტური ფილმების ციკლი (4 ფილმი) სომხეთში არსებული ქართ. კვალის შესახებ (ახტალისა და ქობაირის ქართ. მონასტრების კადრები, მატენადარანში დაცული ქართ. ხელნაწერები და სხვ.).

2006–07 კ. მონაწილეობდა სამეცნ. ექსპედიციაში, რ-ის მიზანი იყო ქ. გოაში (ინდოეთი) არსებული სამონასტრო კომპლექსის და გადმოცემის მიხედვით იქ დაცული ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების მოძიება.

2007 კ-მ გადაიღო დოკუმენტური ფილმები ბალკანეთის ნ.- კ-ზე არსებული ქართული მონასტრების შესახებ. 2017 მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულმა სამეცნ. პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის კულტ. მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო – „ევროპა ნოსტრა“ მიიღო.

კ. დაჯილდოებულია აფხაზეთის არ უმაღლესი საბჭოს პრემიით (2004). საერთაშ. მართლმადიდებლურ კინოფესტივალზე მიღებული აქვს მედალი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის (2006) და I ადგილი საუკეთესო სატელევიზიო დოკუმენტური ფილმისათვის (2007), პრემია „პარნასი“ (2007), „ოქროს ფრთა" (2009).

თხზ.: ოდიშის საეპისკოპოსოები, თბ., 2004; გაძარცული საგანძური, თბ., 2006; ფერადი წარსული (სერგეი პროკუდინ გორსკის ფოტოალბომი), თბ., 2007; ახმედ მელაშვილი – ჩვენებურთა ბელადი, თბ., 2010; დადიანები (თანაავტ.: ლ. მამაცაშვილი, ლ. ბერაია, მ. ქუთათელაძე), თბ., 2011; ქართველები პირველ მსოფლიო ომში, თბ., 2014; მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში, თბ., 2017; პეტრე ოცხელი – 110, თბ., 2017; ექვთიმე თაყაიშვილი და ტაო-კლარჯეთი, თბ., 2017; ქსოვილი საქართველოდან (თანაავტ.: ი. ზამბახიძე, ი. საგანელიძე), თბ., 2017; სამი ქართული ამბავი, თბ., 2017.