კასპიური ანთროპოლოგიური ტიპი, კავკასიაში გავრცელებული ანთროპოლოგიური ტიპი. პირველად გამოარჩია ვ. ბუნაკმა. კასპიური ტიპისთვის დამახასიათებელია მუქი თმები და თვალები, თავის დაბალი მაჩვენებელი (მეზოკეფალია), თავის მცირე, განივი დიამეტრი, ვიწრო სახე, საშუალოზე მაღალი ან თავის დიდი გრძივი დიამეტრი, ვიწრო შუბლი, საშუალოდ გამოხატული ყვრიმალები, საშუალოზე მცირე ან პატარა ქვედა ყბის დიამეტრი, საშუალოზე მაღალი ზედა ტუჩი, სხეულის საშ. სიმაღლე, ცხვირის გამოდრეკილი ფორმების საშ. პროცენტი და საშუალოზე მცირე გამოდრეკილი ცხვირის ზურგის ძვლოვანი პროფილი. ნიშანთა ეს კომპლექსი აღენიშნებათ ლაჩინის ქურთებს, ყაზახის, ქედაბეკის, სეფაილისა და აღსთაფის აზერბაიჯანელებს, თბილისის ეზიდებს. ყველაზე ახლო ამ ჯგუფთან არიან მარნეულის, შიშ-თეფეს, დალმამედლის, გერანბოის, ბარდის, გეოქჩაის, აქსუს, მარაზის, შუშას, ნახიჩევანის, ერფისა და დერბენდის აზერბაიჯანლები, აპარანის რ-ნის ქურთები, შემახის, აფშერონის, ალტი-აღაჩის და კონახკენდის აზერბაიჯანელი თათრები, ყვარლისა და ოზურგეთის რეგიონების ქართველები.
ლიტ.: А б д у ш е л и ш в и л и М. Г., Антропология древнего и современного населения Грузии, Тб., 1964; Бунак В. В., Антропологический состав населения Кавказа, «ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1947, ტ. 13 А.
ლ. ბითაძე