კასპის ცემენტის ქარხანა (შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" კასპის ცემენტის ქარხანა), ცემენტის მრეწველობის პირველი საწარმო საქართველოში. მისი მშენებლობა დაიწყო 1927 კასპში არსებული კირქვისა და თიხის მარაგების ბაზაზე. ამუშავდა 1931, როგორც ი. სტალინის სახ. კასპის ცემენტის ქ-ნა. იმ დროისათვის მისი სიმძლავრე შეადგენდა 120 ათ. ტ კლინკერს (ცემენტის დასამზადებელი შეცხობამდე გამომწვარი ნედლეული) და 150 ათ. ტ ცემენტს წელიწადში. 1938 საწარმოს დაერქვა ი. სტალინის სახ. საქართველოს ცემენტის ქ-ნა, ხოლო 1957-იდან კვლავ დაუბრუნდა პირვანდელი სახელი – კ. ც. ქ. 1954 ქ-ნას შეუერთდა შიფერის ქ-ნა (ამუშავდა 1945) საამქროს სახით და 1978-იდან ეწოდა „კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატი", ხოლო 1987 გახდა საწარმოო გაერთიანება „კასპიცემენტი". საწარმოს ძირითადი პროდუქცია იყო ცემენტი, შიფერი და წვრილი საკედლე ბლოკი. 1949–75 რეკონსტრუქციისა და განახლებითი სამუშაოების შედეგად ქ-ნის სიმძლავრემ 830 ათ. ტ ცემენტს და 647 ათ. ტ კლინკერს მიაღწია წელიწადში, ხოლო 1980–88 განხორციელებული მომდევნო რეკონსტრუქციის შემდეგ ცემენტის წარმოება წელიწადში 966 ათ. ტ-მდე, კლინკერის კი – 700 ათ. ტ-მდე გაიზარდა.
1991-იდან ქვეყანაში მიმდინარე ეკონ. კრიზისის გამო ქ-ნაში ცემენტის წარმოება საგრძნობლად შემცირდა, 1994–99 კი სრულიად შეწყდა. 1991 მოხდა ქ-ნის პრივატიზაცია, რ-ის შემდეგაც „კასპიცემენტი" ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა. 2004 ქ-ნა კომპანია „საქცემენტის" მფლობელობაში გადავიდა. 2000–06 აღდგა ქ-ნის საწარმოო პროცესი. 2006 „საქცემენტის" აქციების 75% შეიძინა სამშ. მასალების წარმოების მსოფლიო ლიდერმა, გერმანულმა კომპანიამ „ჰაიდელბერგცემენტმა". 2007-იდან კომპანიას სახელი კვლავ შეეცვალა და „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" ეწოდა, რ-ის შემადგენლობაშიც შევიდა „კასპის ცემენტის ქარხანა" როგორც შპს. ამ პერიოდიდან განხორციელდა ქ-ნის ტექ. მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, დაიხვეწა ცემენტის წარმოების ტექნოლოგია, რამაც გაზარდა პროდუქციის წარმადობა და ხარისხი. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა აგრეთვე ბუნებრივი გარემოს დამტვერიანების პრობლემის გადასაჭრელად (დამონტაჟდა თანამედროვე იტალიური საფილტრე დანადგარები). 2017-თვის კლინკერის წარმოებამ წელიწადში 798 ათ. ტ, ხოლო ცემენტის წარმოებამ 732 ათ. ტ შეადგინა. პროდუქციის რეალიზაცია ხდება მთელი კავკასიის მასშტაბით.
ლ. აბრამიშვილი