კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ისტორიული მუზეუმი ქ. კასპში (ააიპ – არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირი), დაარსდა 1960 წ. 22 ივნისს. კ. მ. მ. ექვემდებარება კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანებას. მუზეუმის ფართობია 633 მ 2, აქედან მუდმივ ექსპოზიციას უჭირავს 199 მ 2, პერიოდულ გამოფენებს – 200 მ 2, საცავს – 108 მ 2.
მუზეუმის ჩამოყალიბებისას არც ერთი ექსპოზიცია და სამუზეუმო კოლექცია არ არსებობდა. პირველი ექსპოზიცია კ. მ. მ-ში 1963 წ. 5 ოქტომბერს გაიხსნა, დღეისათვის სამუზეუმო ფონდებში ითვლება 20 ათ-ზე მეტი ექსპონატი და სამუზეუმო მასალა.
კ. მ. მ-ში დაცულია კასპის, რენეს, მეტეხის, თეზის ტერიტორიებზე არქეოლ. გათხრების შედეგად მოპოვებული ადრე- და შუაბრინჯაოს ხანის მასალები, ყორღანებიდან მოპოვებული ძვ. წ. III–I ათასწლეულებით დათარიღებული ნივთები, ძირითადად თრიალეთის კულტურისთვის დამახასიათებელი კერამიკა; გვიანბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ძვ. წ. XIV–XII სს-ით დათარიღებული სამოსელის დეტალები, ცხენის აღკაზმულობა, სამუშაო და საბრძოლო იარაღი (აღმოსავლეთქართული ცულები, სატევრები, შუბისპირები; ძვ. წ. XIII–VII სს.), სოფ. სასირეთში შემთხვევით აღმოჩენილი მოოქრული ვერცხლის დისკო (ძვ. წ. III ს.), ელინისტური ხანის დიონისეს ქანდაკება (ბრინჯაო, ძვ. წ. III–II სს.) და სამტუჩა სურა-ოინოხოია (ახ. წ. I ს.), შუა საუკუნეების თიხის მოჭიქული ჭურჭელი.
მუზეუმში პერიოდულად ეწყობა გამოფენები.
კ. მ. მ-ში მოქმედებს საგანმან. პროგრამები: "ეს ჩვენი წარსულია", "გაკვეთილი მუზეუმში", "მუზეუმი – სიძველეთსაცავი". მუზეუმი გამოსცემს გზამკვლევს. მას ყოველწლიურად სტუმრობს დაახლ. 600 დამთვალიერებელი.
კ. მ. მ-ს აქვს 4 ფილიალი: ივ. ჯავახიშვილის (სოფ. ხოვლე), გენერალ გ. მაზნიაშვილის (სოფ. სასირეთი), ა. და მ. ჯამბაკურ-ორბელიანების (სოფ. ლამისყანა), ო. კელაპტრიშვილის (სოფ. კავთისხევი) სახლ-მუზეუმები.
თ. ალიბეგაშვილი