დომინიკელები

დომინიკელები (გვიანდ. ლათ. dominicani ან fratres praedicatores – ძმანი მქადაგებელნი), კათოლიკური „მათხოვრული" მონაზვნური ორდენი. დააარსა ესპანელმა მონაზონმა დომინიკუსმა მწვალებლებთან საბრძოლველად 1215 ტულუზაში. 1216 ორდენი დაამტკიცა პაპმა ჰონორიუს III-მ.

1227-იდან დ-მა მიიღეს საყოველთაო ქადაგებისა და აღსარების უფლება. 1232 პაპმა გრიგოლ IX-მ მათ გადასცა ინკვიზიციის ვალდებულება. დ. გახდნენ პაპების მთავარი დასაყრდენი მწვალებლობასა და საიმპერატორო ხელისუფლებასთან, ადგილ. საეკლ. იერარქიასთან, ქალაქებთან, უნ-ტებთან ბრძოლაში. დ-მა აღზრდისა და განათლების საქმე კათოლ. ეკლესიის კონტროლს დაუქვემდებარეს.

დ. იყვნენ ალბერტ დიდი, თომა აკვინელი, რამდენიმე პაპი და სხვ. XIII ს-იდან (იეზუიტების ორდენის დაარსების შემდეგ) დ-მა თანდათანობით დაკარგეს ადრინდ. მნიშვნელობა. XIII ს. I ნახევარში რუსუდან მეფემ პაპ გრიგოლ IX-ს დახმარება სთხოვა მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც მოჰყვა კათოლიკე მისიონერთა, კერძოდ, დ-ის შემოსვლა საქართველოში.

მათ თბილისში დააარსეს თავიანთი მონასტერი. 1329 საქართველოში პირველი კათოლ. საეპისკოპოსოს ეპისკოპოსად დაინიშნა საქართველოში დიდხანს ნამყოფი და ქართ. ენის კარგად მცოდნე დომინიკელი ბერი იოანე ფლორენციელი. საეპისკოპოსო სპარსეთში შექმნილ ე. წ. „სულთანიეს საარქიეპისკოპოსოს" ემორჩილებოდა.

XVI ს. დასაწყისში ოსმალეთის მიერ სრუტეების ჩაკეტვის გამო, თბილ. კათოლ. საეპისკოპოსო გაუქმდა. დ. და ფრანცისკელები საქართველოში შემოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. XX ს. II ნახ-ში დ-ის ორდენში შედიოდა 9 ათასზე მეტი მონაზონი კაცი და დაახლ. 6 ათასი მონაზონი ქალი.

ლიტ.: თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი  მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.

დიაკონი ზაზა (თევზაძე)