დურმიშიძე სერგი ვასილის ძე (27. II. 1910, საჩხერე, – 29. V. 1989, თბილისი), ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1955). ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1952), პროფესორი (1952), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).
1931 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკ-ტი. 1935–60 მუშაობდა ამავე ინ-ტის ბიოქიმიის კათედრაზე (კათედრის გამგე). 1943–54 იყო საქართვ. მეცნ. აკად. მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი, 1954–55 – საქართვ. სოფ. მეურნ. მინისტრი, 1955–71 – საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოს-მდივანი, ამავე დროს 1957-იდან – თსუ-ის პროფესორი, 1971-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი და მეცნ. აკად. მცენარეთა ბიოქიმ. ინ-ტის დირექტორი (ამ ინ-ტის დამაარსებელი).
დ. სსრკ მეცნ. აკადემიის აკად. ა. ოპარინისა და ა. კურსანოვის სკოლის წარმომადგენელია. მუშაობდა მეორეულ ნაერთთა ბიოქიმ. დარგში. დაადგინა სპირტის დუღილის ძირითადი, მეორეული და გარეშე პროდუქტების გარდაქმნის ბიოქიმ. გზები;
საფუძველი ჩაუყარა ვაზისა და ღვინის ფენოლურ ნაერთთა ბიოქიმიას; დაამუშავა არომატული ნაერთების ცვლის თეორ. საფუძვლები მცენარეულ უჯრედში; წამოაყენა ჰიპოთეზა უჯრედში ფენოლურ და უცხო ნაერთთა ღრმა ჟანგვითი გარდაქმნებისა და დეტოქსიკაციის შესახებ; გამოავლინა ატმოსფეროს, ნიადაგისა და წყლების ბიოლ. გასუფთავების ახ. გზები. ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია, მ. შ. გამოჩენილ საბჭ. ბიოქიმიკოსებზე, ნარკვევები ქართვ. მეცნიერებსა და საზ. მოღვაწეებზე. იყო სამეცნ. საზ.-პოლიტ. და მხატვრული ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი.
მიღებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია (1985), სახელმწ. ჯილდოები, არჩეული იყო თბილ. საპატიო მოქალაქედ (1987).
თხზ.: ზოგი რამ წარსულიდან, თბ., 1985; Генезис молочной кислоты при естественном алкогольном брожении, «Биохимия», 1938, №8; Дубильные вещества и антоцианы виноградной лозы и вина, М., 1955; Пути превращений основных и вторичных продуктов спиртового брожения, Тб., 1962; Вопросы биохимии переработки винограда, Тб., 1967; Расщепление ароматического кольца некоторых экзогенных соединений в растениях, Тб., 1975; Метаболизм некоторых загрязнителей атмосферного воздуха в растениях, Тб., 1977.
ო. კვესიტაძე