კალატოზიშვილი (კ ა ლ ა ტ ო ზ ო ვ ი ) მიხეილ კონსტანტინეს ძე [15 (28). XII. 1903, თბილისი, – 26. III. 1973, მოსკოვი], კინორეჟისორი. საქართვ. (1965) და სსრკ სახ. არტისტი (1969). შემოქმედებითი გზა დაიწყო (1923) საქართვ. „სახკინმრეწვის" სტუდიაში როგორც დოკუმენტური კინოს ნოვატორმა, გამომგონებელმა, ახალი გამომსახველობითი საშუალებების მაძიებელმა. მუშაობდა მექანიკოსად, მემონტაჟედ. ი. პერესტიანის კინოსამსახიობო სტუდიაში დაეუფლა სამსახიობო ხელოვნებას, მონაწილეობა მიიღო მის ფილმებში „სამი სიცოცხლე" (1924) და „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე" (1925), ოპერატორის ასისტენტად იმუშავა ფილმზე „ვინ არის დამნაშავე?" (რეჟ. ა. წუწუნავა, 1925). როგორც ოპერატორმა გადაიღო მელოდრამა „გიული" (რეჟ. ნ. შენგელაია, ლ. პუში, 1927, მონაწილეობდა სცენარის შექმნაშიც) და „ბოშური სისხლი" (რეჟ. ლ. პუში, 1928). მისი პირველი რეჟისორული ნამუშევარია დოკუმენტური ფილმები: „ზაჰესის ქრონიკა", „ცხენები" (ორივე – 1927). „მემარცხენე" ხელოვანთა ჯგუფთან ერთად კ. იღვწოდა ხელოვნებაში ახალი მიმართულების დასამკვიდრებლად. მასალის მხატვრული ორგანიზების ახალ იდეებს ხორცი შეასხა (კინორეჟისორ ნ. ღოღობერიძესთან ერთად) 1918–20 კინოქრონიკის საფუძველზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმში „მათი სამეფო" („18–28"), 1929 სვანეთში გადაიღო მხატვრული ფილმი „უსინათლო". ქართულ კინოში პირველმა გამოიყენა თავისივე შექმნილი ფილტრები, მოუხეშავი კინოაპარატი დადგა მოძრავ საყრდენზე და კამერა მოვლენათა აქტიურ მონაწილედ აქცია. ფილმი „ფორმალისტურად" მიიჩნიეს და აკრძალეს. ფილმისგან დარჩენილი სვანეთში გადაღებული მასალის საფუძველზე შექმნა დოკუმენტური ფილმი „ჯიმ შვანთე!" („მარილი სვანეთს!", 1930). ესაა პოეტური ნარკვევი საუკუნეთა განმავლობაში გარესამყაროს მოწყვეტილი ზემო სვანეთის თემის ყოველდღიურ ყოფაზე. ეთნოგრ. მასალის ექსპრესიული მონტაჟით, მკვეთრი რაკურსებით, საერთო და მსხვილი ხედების მეტაფორული დაპირისპირებით კ-მა დიდ მხატვრულ ეფექტს მიაღწია. 1932 გადაიღო ექსპერ. ფილმი „ლურსმანი ჩექმაში". „სოციალისტური რეალიზმის" პირობებში ორ ათეულზე მეტი წლით გადაიდო კ-ის ნოვატორული ძიებები. 1934–35 იგი სათავეში ედგა „სახკინმრეწვს".
1936, ხანმოკლე პატიმრობის შემდეგ, დატოვა საქართველო. 1937 დაამთავრა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის სახელმწ. აკადემია. მუშაობდა „ლენფილმში". გადაიღო ფილმები მფრინავებზე: „სიმამაცე" (1939) და „ვალერი ჩკალოვი" (1941). 1943-იდან მოღვაწეობდა „მოსფილმში", იყო სსრკ სახკომსაბჭოს კინემატოგრაფიის საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი აშშ-ში (1943–45). 1945–48 ხელმძღვანელობდა მხატვრული ფილმების წარმოების მთ. სამმართველოს. XX ს. 50-იან წლებში გადაიღო ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ფილმები – „ცივი ომის" დასაწყისის საბჭ. პროპაგანდის სულისკვეთების გამომხატველი „განწირულთა შეთქმულება" (ნ. ვირტას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, 1950; სტალინური პრემია, 1951) და ლირიკული კომედია „ერთგული მეგობრები" (ა. გალიჩის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით, 1954; კარლოვივარის საერთაშ. კინოფესტივალის დიდი პრიზი, 1954). მსოფლიო აღიარება მოიპოვა კ-ის ფილმმა „მიფრინავენ წეროები" (ვ. როზოვის პიესის „მარად ცოცხლების" მიხედვით, 1957; კანის საერთაშ. კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს პალმა" და საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, 1958). ამ ფილმმა დიდი გავლენა მოახდინა XX ს. 60–70-იანი წლების საბჭ. კინოსა და სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორთა შემოქმედებაზე. მოვალეობისა და პასუხისმგებლობის, ინდივიდუალური და ზოგადსაკაცობრიო თემა ახლებურადაა გადაწყვეტილი ფილმში "გაუგზავნელი წერილი" (ვ. ოსიპოვის მოთხრობის მიხედვით, 1960). იგივე თემა განავითარა რეჟისორმა დოკუმენტურ ფილმში "მე – კუბა" (1964), რ-იც ეძღვნება კუბის რევოლუციას. ჩრდ. პოლუსზე უმბერტო ნობილეს ექსპედიციის დოკუმენტების საფუძველზე კ-მა გადაიღო მხატვრული ფილმი „წითელი კარავი" (სხვადასხვა ქვეყნის გამოჩენილ მსახიობთა მონაწილეობით; 1970). ამ ფილმმა თავი მოუყარა რეჟისორის შემოქმედების ძირითად სიუჟეტურ, იდეურ და პლასტიკურ მოტივებს და ერთგვარად შეაჯამა გზა ხელოვანისა, რ-მაც თავისი მსოფლმხედველობით და ნოვატორული ძიებებით მსოფლიო კინოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა.
ლიტ.: ა მ ი რ ე ჯ ი ბ ი ნ., სინემატოგრაფიდან კინოხელოვნებამდე, თბ., 1990; გ ვ ა ხ ა რ ი ა გ., ყველა დროის რეჟისორი, «კინო», 2007, №3; თ ვ ა ლ ჭ რ ე ლ ი ძ ე ტ., ექსპრესიული ეკრანი, კრ.: კინემატოგრაფიული ძიებანი, თბ., 1989; წ ე რ ე თ ე ლ ი კ., ასე იწყებდა მიხეილ კალატოზოვი, «საბჭოთა ხელოვნება», 1973, №2; Калатозишвили А., Михаил Калатозов, Тб., 2012; Кремлев Г., Михаил Калатозов, М., 1964.
მ. კერესელიძე