დომიციანე ტიტუს ფლავიუს (Titus Flavius Domitianus) (51, რომი, – 96, იქვე), რომის იმპერატორი 81-იდან, ფლავიუსების დინასტიის წარმომადგენელი, ვესპასიანეს მეორე ვაჟი.
დ. ანგარიშს არ უწევდა სენატს. მოითხოვდა, რომ მისთვის ეწოდებინათ „დომინუს" (ბატონი) და „დეუს" (ღმერთი). ეყრდნობოდა ძირითადად სამხ. წრეებს, პრეტორიანულ გვარდიას. ცდილობდა პოპულარობის მოპოვებას მოსახლ. დაბალ ფენებში, მათთვის უხვად გასცემდა ფულსა და საჩუქრებს, ხოლო მდიდარი ზედაფენების წარმომადგენლებისათვის ზრდიდა გადასახადების რაოდენობას.
დ-ს საგარეო პოლიტიკა აგრესიული იყო. იგი აქტ. სამხ. ქმედებებს ახორციელებდა ევროპაში, მდინარეების რაინისა და დუნაის სანაპირო ოლქებში, მაგრამ 89 დაკებისა და გერმ. ტომების გაერთ. ლაშქართან სასტიკად დამარცხდა. დ. იძულებული გახდა დაკებისათვის ყოველწლიური გადასახადი ეძლია.
რომაული არმიები მხედართმთავარ აგრიკოლას მეთაურობით აქტიურად მოქმედებდნენ ბრიტანეთში, აღმ. ფრონტზე კი დ-ს პოლიტიკა უფრო პასიური იყო, იგი მშვიდობიან ურთიერთობას ინარჩუნებდა პართიასთან. საშინაო პოლიტიკით უკმაყოფილებისა და წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის გამო დ-ს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, რ-საც იგი შეეწირა.
ერთ-ერთი ეპიგრაფიკული ძეგლის, კერძოდ, აზერბ. ტერიტორიაზე, ბეიუქ-დაშის მთასთან აღმოჩენილი წარწერის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ დ-მ დახმარება აღმოუჩინა იბერიის მეფეს ალბანეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.
წყარო: Светоний Транквилл, Жизнь двенадцати цезарей, М., 1990.
ლიტ.: Л о м о у р и Н. Ю., Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981.
ნ. ლომოური