კალატოზიშვილი მიხეილ გიორგის ძე

მ. კალატოზიშვილი

კალატოზიშვილი მიხეილ გიორგის ძე (19. V. 1959, თბილისი, – 12. X. 2009, მოსკოვი), კინორეჟისორი, პროდიუსერი. დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სა­ხელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტის სარეჟისორო განყ-ბა (ე. ძიგანის სახელოსნო, 1981). ინ-ტის სასწ. სტუდიაში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მექანიკოსი" (ა. პლატონოვის მოთხრობის მიხედვით, 1981). მუ­შა­ობ­და მეორე რეჟისორად მამის – გიორგი კალატოზი­შვი­ლის ფილმზე „გმადლობთ, რატილი" (1983), დაასრულა მისივე ფილმი „სკაპენის ოინები" (მოლიერის პიესის მიხედვით, 1984). „ქარ­თულ ფილმში" გადაიღო მხატვ­რუ­ლი ფილმი „რჩეული" (პ. მერიმეს „მატეო ფალკონეს" მიხედვით, 1991 – მადრიდის საერთაშ. კინოფესტივალის ჟიურის სპეც. პრიზი, 1992; საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს არწივის" სხვა­და­სხვა პრიზები), რ-ის სიუჟეტი და კონფლიქტი ბოლშევიკური გადატრიალების შემდგომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გადმოიტანა. 1992-იდან კ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთში, სადაც გადაიღო მხატვ­რული ფილმი „მისტერიები" (2000), დოკუმენტური ფილმები: „ორი ატომი" (2001), „მესიზმრება ჩემი ქედიანი თბილისი" (2002), „ფილმი მიხეილ კალატოზოვზე" (2006). საერთაშ. წარმატება ხვდა ფილმს „ველური ველი" (2008 – ვენეციის, მარაკეშის, სოჭის, კოტბუსის საერთაშ. კინოფესტივალების პრიზები, რუსეთის კინოკრიტიკოსთა გილდიის პრემია "თეთრი სპილო", რუსეთის ეროვნული კინოპრემია "ოქროს არწივი" საუკეთესო ფილმის, სცენარისა და მუსიკისთვის) – დრამატულ მოთხრობას დროსა და სიყვარულზე, გმირზე, რ-იც არაადამიანურ გარემოში ადამიანობის შენარჩუნებას ცდილობს. 2000 დააფუძნა ეროვნული კინემატოგრაფიის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდი – „მიხეილ კალატოზოვის ფონდი", იყო მისი პრეზიდენტი. დააარსა და 2009 ჩაატარა ტარუსის I კინოფესტივალი „ერთგული მეგობრები". იყო პროდიუსერი ფილმებისა: „ღმერთის შემდეგ პირველი" (რეჟ. ვ. ჩიგინსკი, 2005), „ლოვიტორი" (რეჟ. ფ. აბდულაევი, 2005), „ვანეჩკა" (რეჟ. ე. ნიკოლაევა, 2007, ყველა რუსეთი). გადაღებულია ფილმებში: „ადვოკატი" (რეჟ. ი. ხამრაევი, 1990), „ანას დაბადების დღე" (რეჟ. ლ. ჯოჯუა, 1992).

მ. კერესელიძე