ბრუსილოვი ალექსი ნიკოლოზის ძე (1789, ორლოვის გუბერნია – 1859), რუსეთის იმპერიის არმიის გენ.-ლეიტენანტი. სამსახური დაიწყო საგარეო საქმეთა კოლეგიაში. რუსეთის სამამულო ომის დროს, 1812 წ. 24 აგვისტოს შევარდინოსთან ბრძოლაში დაიჭრა. მონაწილეობდა უცხოეთის ლაშქრობებში. 1813 პოდპოლკოვნიკის ჩინით გადაიყვანეს ლიტვის (ახლანდ. ლიეტუვა) ულანთა პოლკში, ხოლო 1821-იდან იამბურგის ულანთა პოლკში პოლკოვნიკის ჩინით. შემდგომი 10 წელი სამოქალაქო სამსახურში გაატარა – მ. შ. იყო მოსკოვის ვიცე-გუბერნატორი 1839 დაბრუნდა სამხ. სამსახურში. ბ-ის ოჯახი ცხოვრობდა თბილისში, სადაც იგი მსახურობდა ცალკე კავკასიის კორპუსის საველე აუდიტორის თავ-რედ.
დაჯილდოებულია წმ. ანას (I–II ხარისხი), წმ. სტანისლავის (I ხარისხის). წმ. გიორგის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. ასევე მიღებული აქვს სპარსეთის ლომისა და მზის I ხარისხის და თურქეთის ნიშან-იფტიხარის I ხარისხის ორდენები.