ბასილი

ბასილი, XI ს. კალიგრაფი. გადაწერა გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) თხზულებათა კრებული (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), რ-ის ერთ-ერთ ანდერძში ვკითხულობთ: „ლოცვა ყავთ უღირსისა და ფრიად ცოდვილისა უცბად მჩხრეკალისა და ბასილისათჳს“. წიგნი საშ. ზომისააა (28,7X21,2 სმ). უმეტესად ექვთიმე მთაწმიდელის მიერ ნათარგმნი თხზულებებია შესული. შესრულებულია ლამაზი ნუსხური ხელით, ნაკლებ გადაბმული, მკაფიო ასოებით. ოსტატი ყოველი თხზულების დასაწყისს საზედაო ასოებითა და კარგად მოფიქრებული ფერწერული სამკაულით აფორმებს.

ფურცლის ჩარჩოები დახვეწილი გეომ. ფორმისაა. ხელნაწერს თ. ჟორდანია 1031 წლით ათარიღებს.

ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; Описание рукописей Тифлисского церковного музея Карталино-кахетинского духовенства, сост. Ф. Д. Жордания, кн. 1 – 2, М., 1902 – 03.