თავართქილაძე მალხაზ მიხეილის ძე (დ. 13. VI. 1950, თბილისი), მომღერალი (ბანი) და არქიტექტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1982). 1974 დაამთავრა სპი-ის არქიტექტურის ფაკ-ტი. 1974– 83 მუშაობდა საპროექტო ინ-ტ „საქქალაქმშენსახპროექტში", 1983–98 ცეკავშირის საწარმოო გაერთიანება „საქკოოპდიზაინ რეკლამის" დირექტორად. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში მონაწილეობდა სპი-ის საესტრადო ორკესტრში (ხელმძღვ. ს. ტუღუში) და ვაჟთა კაპელაში (ხელმძღვ. ი. კუბლაშვილი), ხოლო 1971-იდან – ვოკალურ საკრავიერ ტრიოში (მ. თავართქილაძე, დ. აბესაძე, გ. სეფერთელაძე). 1973-იდან ანსამბლს ეწოდა „ცისფერი ტრიო" და გამოდის როგორც საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის პროფ. კოლექტივი. თ-ის შესრულება აღინიშნება უშუალობით, ემოციურობით, მაღალი პროფესიონალიზმით. ლამაზი ჟღერადობის ხმა მას საშუალებას აძლევს საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულოს ბანის პარტიები ქართვ. კომპოზიტორთა სიმღერებში (ნ. დუღაშვილის „ღმერთი სიყვარულისა", „იმერეთის ნიავო"; ე. ჭელიძის „ლურჯი აპრილი"; თ. ცაგურიას „ზამთარი"; ი. ბობოხიძის „თოვლი"; ო. რამიშვილის „ერთი ქუჩა" და სხვ.). თ-მ არაერთი სიმღერა გადაამუშავა ტრიოსათვის. ანსამბლთან ერთად შემოვლილი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მ. შ. აშშ, კანადა, ინგლისი, მექსიკა, იაპონია და სხვ. აღსანიშნავია თ-ის, როგორც არქიტექტორის, მოღვაწეობა. მისი პროექტით აშენდა არაერთი შენობა-ნაგებობა. ბავშვთა პანსიონატი დაბა ლესელიძეში (1978), ბავშვთა დასასვენებელი სახლი ქობულეთში (1980) – ორივე არქიტ. ლ. ლორთქიფანიძესთან ერთად. სასტუმრო „დიდველი" ბაკურიანში (2004); სწრაფი კვების კაფე „ნიკალა" (2002–10; თბილისი გამსახურდიას გამზირი) და სხვ.