თარხნიშვილი ელენე იოსების ასული

ე. თარხნიშვილი

თარხნიშვილი ელენე იოსების ასული [28. III. 1881, სოფ. ახალქა­ლა­ქი, ახლანდ. კასპის მუ­ნი­ციპა­ლი­ტე­ტი, – 2. VIII. 1961, ქ. რეჯო-დი-კალაბრია (იტალია)], საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი (კოლორატურული სოპრანო). დაწყებითი მუს. განათლება მიიღო თბილისში, ი. რატილთან. 1905 სასწავლებლად გაემგზავრა პეტერბურგში (ვოკალის პედაგოგი – ქ-ნ ფინდაკე), ხოლო 1908 – იტალიაში (პედაგოგი – ე. დოტი). იტალიაში თ-ს მეურვეობას უწევდა იმხანად იქ მყოფი ვ. სარაჯი­შვი­ლი. 1910 კონკურსის შედეგად ჩაირიცხა მილანის „ლა სკალას” საოპერო დასში, წარმატებით ასრულებდა წამყვან პარტიებს ჯ. ვერდის „ტრავიატას”, პუჩინის „ბოჰემასა” და „ჩიო ჩიო სანში”; დასთან ერთად გასტროლები გამართა ამერიკაში. 1911 ჩამოვიდა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მონაწილეობა მიიღო თბილ. ოპერის თეატრის სპექტაკლებში (ჯ. ვერდის „ტრავიატა” და „რიგოლეტო”). 1913 ­კვლავ იტალიაშია. წარმატებით გამოდის ამერიკის, გერმანიის და სხვა ქვეყნების საოპერო სცენებზე. 1924–25 მისი უკანასკნელი სეზონი იყო. ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა სცენას. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.

ა. ცამცი­შვი­ლი