თევზაძე გიორგი არტემის ძე [22. VI (5.VII). 1914, ახალსოფელი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 23. VIII. 1988, თბილისი], ასტრონომი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1963), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1980). დაამთავრა თსუ (1934). 1940–44 მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1963-იდან იყო სპი-ის თეორ. მექან. კათედრის პროფესორი. თ-მ პულკოვოს აბსერვატორიაში დაამუშავა ასტრონ. ხელსაწყოს „ცაფვების” – სამაჯურების გამოკვლევის ახ. ზუსტი ე. წ. „ავტოკოლიმაციური” მეთოდი, 1940 განსაზღვრა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის გეოგრ. კოორდინატები 1942 წ. 15 დეკემბერს თ-მ აღმოაჩინა კომეტა, რ-საც 1985-მდე უწოდებდნენ უიპლ– ფედტკე–თევზაძის კომეტას. შემდგომ წლებში ასტრონომებმა ლ. ოტერმამ (ფინეთი) და დ. დუბიაგომ (სსრკ) გამოთვლების საფუძველზე ეს კომეტა გააიგივეს მარსელის ობსერვატორიაში კოჯიას მიერ 1867 აღმოჩენილ კომეტასთან, რის შედეგადაც ლიტ-რაში შევიდა ახ. სახელწოდებით – სტეფან–ოტერმას კომეტა. 1942 წ. 26 დეკემბერს თ-მ აღმოაჩინა კომეტა 1942 I, რ-ის აღმოჩენისათვის დააჯილდოვეს წყნარი ოკეანის ასტრონ. საზ-ბის დონოეს სახ. მედლით „კომეტის აღმოჩენისთვის”. თ-მ გამოიკვლია „ტრაპეციის ტიპის” ჯერად ვარსკვლავთა სისტემების მდგრადობის საკითხი. მისი მონაწილეობით მომზადდა და გამოიცა (1961) პირველი ქართ. ასტრონ. კალენდარი „წელიწდეული”. 1979 (II გამოც. 1984) გამოიცა თ-ის გამოკვლევა „რუსთაველის კოსმოლოგია”, რ-იც შეიცავს ავტორის შეხედულებას რუსთაველის წარმოდგენაზე სამყაროს აგებულების შესახებ.