თევზაძე იური ბენიამინის ძე (დ. 14. I. 1941, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1995). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1965). ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა ფიზ. ფაკ-ტის ბირთვული ფიზ. კათედრაზე. 1967–74 სამეცნ. მივლინებით იმყოფებოდა ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებული ინ-ტის (დუბნა, რუსეთი) მაღალი ენერგიების ფიზ. ლაბორატორიაში. 1974–2005 მუშაობდა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის მაღალი ენერგიების (ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის) კათედრაზე, 1988–2005 იყო ამ კათედრის გამგე. 2006-იდან არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ელემენტარული ნაწილაკების ფიზ. სასწ.სამეცნ. ლაბორატორიის გამგე.
1970–95 იყო პროპანის (PBC-500) საერთაშ. კოლაბორაციის წევრი, ხოლო 1995–2005 – A Large Ion Collider Exsperiment-ის (CERN, ჟენევა, შვეიცარია) საერთაშ. კოლაბორაციის წევრი. ამჟამად თანამშრომლობს COMET (Coherent Muon to Electron Transition, იაპონია) კოლაბორაციაში და არის მისი საბჭოს წევრი. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. კვლევის მიმართულებაა ექსპერ. ბირთვული ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა.
1977 მიიღო მელიქიშვილის სახ. სამეცნ. პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).
თხზ.: ALICE: Physics Performance Report, v.1–2. ALICE collaboration [G. Alessandro (Ed.) et al.], «Journal of Physics», G32, 2006 (თანაავტ.).