თევზაძე მერაბ ნიკოლოზის ძე (5. III. 1939, თბილისი, – 29. VIII. 2011, იქვე), გეოდეზისტი და სამთო ინჟინერ-მარკშაიდერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1989), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (1998). 1961 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის (ამჟამად სტუ) სამთო-გეოლ. ფაკ-ტი. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. სამთო საქმის ინ-ტში. 1985–2007 იყო სტუ-ის საინჟინრო გეოდეზიის, მარკშაიდერიისა და ქალაქის კადასტრის კათედრის გამგე, 2007–11 – სტუ-ის საინჟ. გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი. თ. იყო გეოდ. კვლევის რესპ. ცენტრის ხელმძღვანელი, საქართვ. გეოდეზიური საზ-ბის პირველი პრეზიდენტი, მინერ. ნედლეულის საერთაშ. აკად. წევრი, ამავე აკად. საქართველოს განყ-ბის პრეზიდენტი, გეოდეზისტთა მსოფლიო ასოციაციის წევრი, ქართ. ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნ. რედაქციის გეოდ. სექციის თავ-რე (1985–2011).
თ-ის შრომები ეხება გეოდეზიასა და სამარკშაიდერო საქმეში ფიზ. მანძილმზომების თეორიას და მის გამოყენებას საინჟ. ნაგებობების დაპროექტება-მშენებლობაში. შექმნა სამარკშაიდერო მონიტორინგის სისტემა. მამასთან (ნ. თევზაძე) ერთად ხელმძღვანელობდა საინჟ. გეოდ. სპეციალობის ჩამოყალიბებას. მონაწილეობდა მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის, თბილსრესის, მადნეულის საბადოს, სამების საკათედრო ტაძრის გეოდ. საფუძვლის პროექტირებაში. თ-მ ფეთქებად საშიშ შახტებში პირველად გამოიყენა ერთდროულად გიროთეოდოლიტი და შუქმანძილმზომი. მინიჭებული აქვს „საპატიო გეოდეზისტის” წოდება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999), საპატრიარქოს სიგელით.
თხზ.: ფიზიკური მანძილსაზომები, თბ., 1996; Теория ошибок и способ наименьших квадратов, М., 1992 (თანაავტ. Б. И. Беляев).