ბოსელი, გომი, გომური, საქონლის საზამთრო სადგომი, ხისა ან ქვითკირით ნაგები. დგამენ საცხოვრ. კომპლექსისაგან მოშორებით. კედელში სარკმელს ატანენ შუქისათვის და ნაკელის გადასაყრელად. საქონლის სადგომ-საწოლ ადგილზე დაფერდებულად აგებენ მრგვალ ან გათლილ მორებს, ზოგჯერ კი ჩელტს ან სიპ ქვებს („ზღვე“, დას. საქართველოში – „ბოგა“). კედლის გაყოლებით მართავენ ფიცრულ ან მოწნულ ბაგას. ბ-ში მეწველ საქონელს შედარებით თბილ ადგილას აბამენ. ცალკე კუთხე აქვს დათმობილი მუშა საქონელს. ლასტით არის გამოყოფილი სახბორე, საცხვრე. ზოგჯერ ბ-ს ზემოდან ადგამენ საბძელს ან სხვა სამეურნეო დანიშნულების სათავსს, ადრე კი ხშირად საცხოვრ. სახლსაც. ბ-ის სახელწ. მესაქონლეობის ღვთაება – ბოსელს და დღესასწაულ ბოსლობას უკავშირდება.
ნ. თოფურია