ბოსელი

ბოსელი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ბურსაჭირისხევის (გუდამაყრის არაგვის სათავე) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1650 მ, დუშეთიდან 53 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რიცხოვნობა არ აღემატება 10 კაცს.

სოფლის ბოლოს, ციხის გორაზე, კაინჩხევისა და ბოსლისწყლის შესართავთან, მდებარეობს შუა საუკ. ზურგიანი კოშკის ნაშთი. კოშკი ზურგით ჩრდ-კენ დგას. ნაგებია მსხვილი მასიური ლოდებითა და დუღაბის ხსნარით. სოფლის თავში, შემაღლებულ ტყიან ადგილზე, მთავარანგელოზის სალოცავია, რ-იც შედგება დარბაზისა და საქობისაგან.

ი. წიკლაური