კალანდაძე ალექსანდრე ნესტორის ძე

კალანდაძე ალექსანდრე ნესტორის ძე [2 (15). IV. 1909, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 16. XI. 1976, თბილისი], არქეოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971). 1937–41 მუ­შა­ობ­და ენის, ისტ. და მატერიალური კულტურის ინ-ტში; 1939-იდან – სა­ქართვ. სა­ხელმწ. მუზეუმში; 1951-იდან გარ­დაცვალებამდე – ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში, თავდაპირველად უფროს მეცნიერ მუშაკად, ხოლო შემდეგ ქვის ხანის არქეოლ. განყ-ბის ხელმძღვანელად.

კ. მონაწილეობდა სსრკ მეცნ. აკად. აფხაზეთის ექსპედიციის მუშაობაში (1936), ხელმ­ძღვა­ნელობ­და არქეოლ. გათხრებს მცხეთაში (1937–41, 1946–76), სოხუმში (1951–53), წონაში (1963–72) და სხვ.

კ-მ შეისწავლა ძველი ქალაქები, საქალაქო ცხოვრება; მდაბიოთა საცხოვრებელი სახლები სამთავროსა და ნარეკვავზე. კ-ს სახელთა­ნაა დაკავშირებული საქარ­თვე­ლო­ში ქვის ხანის ნამოსახლართა სისტემური კვლევა. მისი შემწეობით 1961–65 გადარჩა ძვ. წ. VIII–VI სს. განძი მთიულეთის არაგვის ხეობაში – ჩაბარუხსა და ფასანაურში (ინახება სა­ქარ­თველოს ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სა­ქართვ. მუზეუმსა და დუშეთის მხა­რეთმცოდნეობის მუზეუმში).

კ-ს მიღებული აქვს საპატიო ნიშნის ორდენი, აგრეთვე მედლები.

თხზ.: მეზოლითურ და ნეოლითურ კულტურათა ნაშთები სა­ქარ­თვე­ლო­ში, «ენიმკის მოამბე», 1939, ტ. 4, ნაკვ. 3; ახლად აღმოჩენილი სამაროვანი მცხეთაში, «მიმომხილველი», 1949, ტ. 1; სოხუ­მის მთის არქეოლოგიური ძეგლები, სოხ., 1953; მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, ტ. 1–2, თბ., 1955–78 (თანაავტ.); სა­ქარ­თვე­ლოს ტერიტორიაზე წინაგვაროვნული საზოგადოების ჩამოყალიბების ისტორიისათვის, «ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1956, ტ. 2; Вопросы периодизации Самтавро, «Краткие сообщения Ин-та иცтории материальной культуры», 1949, в. 24; Цонская пещера и её культура, «Пещеры Грузии», 1965, №3.