კალანდაძე ვლადიმერ ანდრიას ძე (21.VI. 1921, თბილისი, – 19.XI. 1992, იქვე), სამთო ინჟინერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1975). საბაგირო ტრანსპორტის ფუძემდებელი საქართველოში. 1951 დაამთავრა სპი-ის მექანიკის ფაკ-ტი. 1958-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გ. წულუკიძის სახ. სამთო მექანიკის ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ინ-ტის სწავლული მდივანი (1958–60). მისი მონაწილეობით საქართველოში, მსოფლიოში პირველად, ტყვარჩელის ერთ-ერთ შახტზე გამოიცადა და დაინერგა მიწისქვეშა სამგზავრო კიდული ბაგირგზა, რ-საც შემდგომში ხშირად იყენებდნენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მისი გამოცდილება გაიზიარეს რუსეთისა და უკრაინის სხვადასხვა შახტებში.
კ-ის სამეცნ. მოღვაწეობის მიმართულება შეეხებოდა სამგზავრო ბაგირგზების გამტარუნარიანობის გაზრდას, საიმედოობის ამაღლებასა და ექსპლუატაციის უსაფრთხოებას. კ. ითვლება სამგზავრო ბაგირგზების მდგრადობის თეორიისა და ბაგირგზების დეფექტოსკოპიის ერთ-ერთ ფუძემდებლად. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და დაინერგა ბაგირგზებისათვის ინდუქციური კავშირისა და სიგნალიზაციის ორიგინ. აპარატურა, ფოლადის ბაგირებისა და ფოლადის მილების გაუმჯობესებული კონსტრუქციის დეფექტოსკოპები, ბაგირგზის მზიდი ბაგირის ბერკეტულ-ზამბარიანი დამჭიმავი მოწყობილობები და სხვ.
კ. იყო II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. უშუალოდ მონაწილეობდა ბერლინის აღებაში. მიღებული აქვს 18 საბრძოლო ორდენი და მედლები. ავტორია 25 გამოგონებისა და მრავალი სამეცნ. ნაშრომის.
თხზ.: Колебания вагонов подвесных канатных дорог, Тб., 1973.
ლიტ.: მ ა ხ ა რ ა ძ ე ლ., ვლადიმერ კალანდაძის დაბადების 70 წლისთავის გამო, «მეცნიერება და ტექნიკა», 1993.
თ. არსენაძე