კაკაბაძე ალდე გრიგოლის ასული (18. X. 1932, თბილისი, – 31. I. 2016, იქვე), მხატვარ-კერამიკოსი. საქართვ. სახ. მხატვარი (1987). თანამედროვე კერამიკის ეროვნ. სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკ-ტი (1957). 1957- იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1964–2011 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1980-იდან – პროფესორი).
ნამუშევრები: ღვინის ჭურჭელი „ხევსური პატარძალი“ (1965), მარანი „ორნი“ (1968), მარანი „ძველი სიმღერა“ (1970), ლარნაკი „მზის ქვეშ“ (1983), თასი „საახალწლო“ (1991), ღვინის ჭურჭელი „თეთრი ზღაპარი“ (1972); „ქართული ხალხური ზღაპრები“ (1957), „სალამურა“ (1960), „საქართველო“ (1977), „მიტოვებული სოფელი“ (1982), „მოხუცი კახელის პორტრეტი“ (1975), „ქართველი ქალის პორტრეტი“ (1975), „ხევსური გოგონას პორტრეტი“ (1976), „ლეონას პორტრეტი“ (1977) და სხვ.
მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში: პოლონეთი (1960), თურქეთი (1965), შვეიცარია (1966), საფრანგეთი (1966, 1970, 1982), ალჟირი (1967), კანადა (1967), შვედეთი (1967, 1976), იუგოსლავია (1968), გერმანია (1969), ბულგარეთი (1970), უნგრეთი (1970), იაპონია (1970), იტალია (1972), საბერძნეთი (1977, 1989), ავსტრია (1979), ირლანდია (1980), პორტუგალია (1981, 1988) და სხვ. პერსონალური გამოფენები: თბილისი (1974), მოსკოვი (1977), ნანტი (1982, საფრანგეთი), ვლადიმირი (1983, რფ).
მიღებული აქვს ვალორისის (1966, 1970, საფრანგეთი), ფაიენცას (1972, იტალია) და ჟენევის (1977, შვეიცარია) კერამიკის საერთაშ. გამოფენა-კონკურსების დიპლომები; სსრკ სამხატვრო აკადემიის საპატიო დიპლომი კერამიკული ნამუშევრების სერიისათვის (1972); საქართვ. მხატვართა კავშირის მედალი საუკეთესო კერამიკული ნამუშევრისათვის (1977). მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების, მოსკოვის აღმ. ხალხთა ხელოვნების, კუსკოვოს (რფ) კერამიკის სახელმწ., პრაღის გამოყენებითი ხელოვნების, ბერლინის კერამიკის მუზეუმებში და სხვ. არის ავტორი წიგნისა – "ქართული თანამედროვე კერამიკა" (1984, მოსკოვი). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2006).
ლიტ.: М а ч а б е л и К. Г., Алде Какабадзе. Керамика, М., 1 981.