კაკაბაძე ზაალ აბესალომის ძე (18. I. 1935, ბათუმი, – 10. VI. 2012, თბილისი), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1988). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (ი. კოპალინის სახელოსნო, 1960). 1960–68 მუშაობდა საქართვ. ქრონიკალურდოკუმენტური და სამეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიაში, 1969-იდან – საქართვ. სატელევიზიო ფილმების სტუდიაში (1994-იდან კომპანია "ქართული ტელეფილმი"), 2000– 04 იქვე ხელმძღვანელობდა მხატვრული ფილმების განყ-ბას.
გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: "ფოლადი და ადამიანი" (1960), "შრომა და შემოქმედება", "სიტყვა მკურნალობს" ორივე – 1963), "შვილიკა" (1965), "იმპერიის რღვევა" (1994) და სხვ.; მუს. მხატვრული ფილმები: "გადაღების ერთი დღე" (1973), "უმცროსი და" (1977), "მზე, ჰაერი და... ნა-ნა" (1992); სიუჟეტური მუს. ფილმები პოპულ. საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით: "ორერა, სრული სვლით!" (1970), "მზიური" (1974), "სიყვარული, ივერია, და..." (1976); შექმნა რამდენიმე ათეული დოკუმენტური მუს. ფილმი ცნობილ ქართველ შემსრულებლებსა და მუს. კოლექტივებზე ["ლაურეატები" (1979), "მღერის გიული ჩოხელი", "მართვე" (ორივე – 1980), "მღერის მედეა ძიძიგური" (1981), "სამშობლოს სახელით" (2003) და სხვ.]. ნაყოფიერი იყო კ-ის ძიებები სატელევიზიო ეკრანზე კინოსა და ქორეოგრ. სინთეზის თვალსაზრისით. საერთაშ. წარმატება ხვდა მის ფილმბალეტებს: "მწირი" (მ. ლერმონტოვის პოემის მიხედვით, 1976 – კინობალეტის VII საერთაშ. კინოფესტივალის პრიზი, ნიუ-იორკი, 1978; სატელევიზიო ფილმების საერთაშ. კინოფესტივალის დიდი ვერცხლის მედალი, ჩიკაგო, 1979; სატელევიზიო ფილმების საკავშ. ფესტივალის პრიზი, 1979), "პრომეთეოსი" (საკავშ. კინოფესტივალის პრიზი, კიევი, 1984), "მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ" (შექსპირის კომედიის მიხედვით, 1986 – საერთაშ. კინოფესტივალ "არაბესკის" პრიზი, 1987), "ალი-ბაბა და ორმოცი ყაჩაღი" (1989 – სატელევიზიო ფილმების საერთაშ. ფესტივალ "ოქროს საწმისის" მთავარი პრიზი, 1990, საერთაშ. კინოფესტივალის "პოსტ-მონტრე-92" პრიზი, 1992).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).
მ. კერესელიძე