კაკაბაძე ზურაბ მეთოდეს ძე

კაკაბაძე ზურაბ მეთოდეს ძე (13. III. 1926, თბილისი, – 15. II. 1982, იქვე), ფილოსოფოსი, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის მკვლევარი, ფილოს. მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1950). იყო სა­ქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის ესთეტიკის განყბის გამგე (1967–82).

კ. იკვლევდა ეთიკის, ესთეტიკის, დას. ფილოსოფიისა და კულტუ­რის ძირეულ პრობლემებს. მისი ყველა გამოკვლევის ძირითადი მამოძრავებელია ადამიანის ბუნების რაობა და ბედი თანამედროვე სამყაროში. ამ საკითხების კვლევა კ-მ დაიწყო ე. ჰუსერლის ფენომე­ნოლოგიური ფილოს. ღრმა ანალიზით, უჩვენა ამ მოძღვრების დადებითი და უარყოფითი მხა­რეები, ასევე ადამიანის პრობ­ლემის პოზიტიური ფილოს. კვლე­ვისათვის მისი გამოყენების შესა­ძლებლობანი. დამაჯერებლად გა­აკრიტიკა ობიექტივისტური და, საერთოდ, პოზიტივისტური თვალსა­ზრისი ადამიანის შე­სა­ხებ, ნათელყო "ტექნიკური გა­უცხოების" ბუნება. ეს საკითხი გაშუქებულია ნაშრომში «"ეგზისტენციალური კრი­ზისის" პრობლემა და – ე. ჰუსერლის "ტრანსცენდენტალური ფე­ნომენოლოგია"», რმაც ფართო გამოხმაურება პოვა. ადამიანს კ. მოიაზრებს როგორც თავისუფალ შემოქმედს და მოქმედ არსებას, რ-იც სწორედ ამის გამო პასუხის­მგებელია იმ საზ-ბისა და სამყაროს წინაშე, რ-შიც იგი ცხოვრობს.

კ-ის მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ნაშრომია "ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა" (1970; გამოქვეყნდა იაპონურ ენაზე 1971). მრავალრიცხოვან წერილებში, რ-ებიც საკუთრივ ესთეტ. ფენომენს ეხება, კ. აყენებს თანამედროვე ადამიანის წინაშე მდგარ ცხოვრების საზრისის პრობლემას. მისი თარგმანები და მათი ანალიზი მკითხველს უჩვენებდა არა მარტო დასავლეთის კულტურის განვითარების რთულ პროცესს, არამედ სწორ მიმართულებასაც აძლევდა საკუთარი კულტურის სადღეისო პრობლემებში გასა­რკვევად და მისი შემდგომი განვითარების გზების ასარჩევად.

კ-ის უკანასკნელი ნარკვევები, ძირითადად, ბუნებისა და ადამიანის მიმართების პრობლემას ეძღვნება; მისთვის ადამიანი ერის ორგანული ნაწილია, ერი კი კავშირშია მშობლიურ მიწასთან – გარემოს დიდი როლი ენიჭება ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ფორმირების სპეციფიკაში. კ-ის აზრით, რეალური ადამიანის, როგორც კონკრეტულ ბუნებრივ გარემოსა და კონკრეტულ სოციალურ წყობაში ჩამოყალიბებული თავისუფალი არსების, მიუკერძოებელი ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ასაბუთებს სამყაროს შემეცნებისა და, საერთოდ, საკაცობრიო კულტურის წარმატებული განვითარებისათვის ეროვნ. ენათა და ეროვნ. კულტურათა მრავალფეროვნების აუცილებლო­ბას.

კ. ავტორია ქართ., რუს., გერმ., ინგლ., იაპონურ, პოლონურ ენებზე გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომისა.

თხზ.: წერილები, თბ., 1972; ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება, თბ., 1979; რჩეული ფილოსოფიური შრომები, ბათ., 2012; ფილოსოფია და ცხოვრება, ბათ., 2012; Проблема экзистенциального кризиса и трансцендентальная феноменология Э. Гуссерля, Тб., 1966 (1985 – ქართ. ენაზე); Человек, как философская проблема, Тб., 1970 (1971 – იაპონურ ენაზე); Феномен искусства, Тб., 1980.

გ. თევზაძე