კაკაბაძე მიხეილ ვასილის ძე (ფსევდ. „მ . ხ ო ნ ელ ი "; 16. IX. 1921, თბილისი, – 18. V. 1983, იქვე), საქართვ. სპორტის დამს. მოღვაწე, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1976). დაამთავრა თსუ (1953). იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. 1945-იდან მუშაობდა პრესაში. იყო გაზ. „მოლოდოი სტალინეცის" განყ-ბის გამგე, „ზარია ვოსტოკას" რედაქტორის მოადგილე; 1949–52 და 1964–76 – გაზ. „ლელოს" მთ. რედაქტორი. მისი ინიციატივით გაზეთს შეეცვალა ძვ. სახელწ. „ფიზკულტურელი" და დაერქვა „ლელო". 1953–55 რედაქტორობდა გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტს", რ-იც ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მკითხველთა ფართო წრეში. სხვადასხვა წელს კ. მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის" სასცენარო განყ-ბის უფროსად, სასცენარო სახელოსნოს ხელმძღვანელად, მულტგაერთიანების მთ. რედაქტორად. 1961–64 იყო თსუ-ის ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტი.
კ-ის სცენარების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ანიმაციური ფილმი. პერიოდულ პრესაში რეგულარულად იბეჭდებოდა კ-ის პუბლიც. წერილები, რეცენზიები, მოთხრობები და ლექსები. ავტორია მოთხრობების ორი კრებულისა: „უკანასკნელი წვიმა" (1965) და „სახლი" (1978), ასევე სპორტის თემაზე დაწერილი წიგნებისა: „თეთრი და მწვანე" (ოლიმპიურ თამაშებზე, 1970), „მეხიკო, მეხიკო" (1972), „ტოტალური ფეხბურთის ზეიმი" (1978), „არგენტინის ცის ქვეშ" (1979), „ოქროს ქალღმერთიდან ფიფას თასამდე" (1981). გამოცემული აქვს მრავალი საფეხბურთო ცნობარი, თარგმნა ი. ტრიფონოვის რომანი „სტუდენტები". 1954–56 იყო საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმის, ხოლო 1964–80 – საქართვ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაციის თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
1993 სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თაოსნობით დაწესდა მ. კაკაბაძის სახ. პრემია.
ც. ნიკოლაიშვილი