კაკაბაძე მიხეილ ვლადიმერის ძე (დ. 2. IV. 1939, თბილისი), გეოლოგი. საქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. წ.-კორ. (2009), საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (2001). გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1999).
დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.- გეოლ. ფაკ-ტი (1962). 1965-იდან მუშაობს ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში; 1989–95 იყო დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, 2004- იდან სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყ-ბის ხელმძღვანელია.
კ. ატარებდა სამეცნ. კვლევებს ტიუბინგენის (გფრ, 1979–80, 1989) და ჰაიდელბერგის (გერმანია, 1995, 2006, 2009, 2011, 2014) უნ-ტებში, ხოლო 1994–96, 1999–2005 – ლეიდენის (ნიდერლანდი) ბუნების ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში. 1971-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ა. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტში, 1990-იდან – თსუ-ში.
1990 კ. კითხულობდა ლექციებს მიწვეული პროფესორის რანგში გრენობლის (საფრანგეთი), ხოლო 1996–97 და 1999 – ჰაიდელბერგის (გერმანია) უნ-ტებში.
კ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, აქედან 7 მონოგრაფიაა. მისი ძირითადი სამეცნ. ინტერესები მოიცავს პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის საკითხებს. შეისწავლა ყირიმ-კავკასიის, შუა აზიის, სამხრ. აფრიკის, მოზამბიკის, ბრაზილიისა და კოლუმბიის ადრეცარცული ფაუნა (ამონიტები), რის საფუძველზეც დადგენილია ამონიტების ახალი გვარები და სახეობები, გამოყოფილია ახალი ბიოსტრატიგრაფიული ზონები, გამოკვლეულია ტეთისისა და ბორიული სარტყლების ცარცული პერიოდის ბიოგეოგრაფიისა და სტრატიგრაფიული კორელაციის საკითხები.
კ. არის საქართვ. კომკავშირის პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექნიკის დარგში (1973), ა. ჰუმბოლდტის საერთაშ. სტიპენდიანტი (1979) და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ა. ჯანელიძის სახ. პრემიის ლაურეატი (2012). 1981–90 იყო სსრკ სტრატიგრაფიული კომიტეტის ცარცული კომისიის ბიუროს წევრი; 1991–2004 – გეოლ. მეცნიერებათა საერთაშ. კავშირის (IUGS) ცარცული კომისიის ბიუროს წევრი; 2004-იდან არის გეოლ. მეცნიერებათა საერთაშ. კავშირის ქვედაცარცული ამონიტების სამუშაო ჯგუფის (კილიანის ჯგუფის) წევრი, ხოლო 1989-იდან –საქართვ. სტრატიგრაფიული კომიტეტის ცარცული კომისიის თავ-რე.
თხზ.: Колхидиты и их стратиграфическое значение, «Труды ГИН АН ГССР». Нов. сер., вып. 26, Тб.,1971; Анцилоцератиды Юга СССР и их стратиграфическое значение, იქვე , вып. 71, Тб., 1981; New data on Early Cretaceous (Hauterivian-Barremian) heteromorphic ammonites from Northern Germany, «Scripta Geologica», 140, Leiden, 2010 (თანაავტ. Ph. Hoedemaeker); Report on the 5th International Meeting of the IUGS Lower Cretaceous Ammonite Working Group, the Kilian Group (Ankara, Turkey, 31st August 2013), «Cretaceous Research 50», 2014 (თანაავტ.); Towards the morphological classification of the heteromorphy ammonites, «ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტის და ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინ-ტის შრომები». ახალი სერია, ნაკვ. 127, თბ., 2015; Speculations on the ethology of some heteromorphy ammonites, «Swiss Journal of Palaeontology», vol. 134. Issue 2, Springer, 2015; Ammonites and the Mid-Cretaceous saga, «Cretaceous Research 88», 2018 (თანაავტ. P. Bengtson).