კაკაბაძე ნოდარ მეთოდეს ძე

მ. დ. კაკაბაძე (დ. 1939)

კაკაბაძე ნოდარ მეთოდეს ძე (24. I. 1924, თბილისი, – 16. IX. 2007, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, გერმანისტი, პედაგოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1971). 1954–2006 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტზე. უძღვებოდა საზღვარგარეთის ლიტ-რისა და გერმ. ლიტრის (მოდერნიზმი) ისტორიის კურსებს, ასევე ლირიკის თეორიისა და რომანის თეორიის სპეც. კურსებს. 1991–96 იყო ამავე ფაკტის დეკანი, 1975–2001 – გოეთეს საერთაშ. საზ-ბის თბილისის ფილი­ალის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2001–07 – პრეზიდენტი.

კ-ის კვლევის ძირითადი სფერო იყო მოდერნისტული და XX ს. II ნახ. გერმანულენოვანი ლიტ-რა: თ. მანის, ჰ. მანის, ფ. კაფკას, გ. ჰაუპტმანის, ბ. ბრეხტის, ჰ. ბიოლის და სხვ. შემოქმედება. თ. მანის შემოქმედებას მიუძღვნა ნაშრომები: "თომას მანი: ადრეული შემოქმედება" (1967), "თომას მანი და ნიცშე" (1971, რუს. ენაზე), "თომას მანი და დოსტოევსკი" (1976, ქართ., რუს. და გერმ. ენებზე); ასევე სტატიები: "თომას მანი (1875–1955)" (1964), "თომას მანის უცნობი ნაწერები" (1986), "თომას მანი და შილერი" (1987) და სხვ. კ-მ ქართ. გერმა­ნის­ტიკაში პირველმა შემოიყვანა მოდერ­ნიზმის კლასიკოსი ფ. კაფკა და მის შემოქმედებას მიუძღვ­ნა ნაშრომები: "ფრანც კაფკას ცხოვრება და შემოქმედება", "თომას მანი და ფრანც კაფკა" (ორივე 1971). ეს ნაშრომები მკითხველს აცნობს მოდერნიზმის ესთეტ. და ფილოს. საფუძვლებს.

კ. ასევე იკვლევდა გოეთეს შემოქმედებას, გერმანულ რომანტიზმს. ეს პრობლემატიკაა ასახული ნაშრომებში: "თანამედროვე დასავლური რომანი და მისი პოეტიკა" (1971), "რომანტიზმი" (1979), "ფაუსტი – ისტორიული, ­ფაუსტი – ლეგენდარული და ფაუსტი – ლიტერატურული, ანუ როგორ გადაიქცა ერთი ისტორიული პირი ლიტერატურულ პერსონაჟად", "გოეთეს ლირიკული რომანი" (ორივე 1983), "თანამედროვე დასავლური ლირიკა" (1991) და სხვ.

კ-ს ეკუთვნის ნაშრომები ქართ.- გერმ. ლიტ. ­ურთიერთობათა საკითხებზე: "კავ­კა­სია და სა­ქარ­თველო გერმანულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში" (1963, თანაავტორი ნ. რუხაძე), "სა­ქარ­თვე­ლოს თემა გერმანულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში" (1971), "შოთა რუსთაველი და ვოლფრამ ფონ ეშენ­ბახი" (1980, გერმ. ენაზე), "იმპრესიონიზმი და ნიკო ლორთქიფანიძე" (1982), "ნიკოლოზ ბარათა­შვი­ლი და ევროპელი ავტორები" (1998). კ. ასევე დაინტერესებული იყო თეატრისა და კინოხელოვნების, პოეტიკისა და სტილისტიკის საკითხებით, რასაც არაერთი სტატია მიუძღვნა: "ფიქრები რიჩარდ III-ის ნახვის შემდეგ, ანუ რო­ბერტ სტურუას თეატრალურ სამ­ყაროში", "ბერტოლდ ბრეჰტი და მისი ქართველი თეატრალური ინტერპრეტატორები", «ვარიაცი­ები ­რობერტ სტურუას "ვარიაცი­ებზე", ანუ ცდები ზნეობაზე» (სა­მივე 1981), «უღმრთო პარიზი, ანუ ეშმაკი საფრანგეთში (ოთარ იოსელიანის ფრანგული ფილმის "მთვარის ფავორიტების" გამო)» (1985), "ტრიუმფი და ­დაქცევა ვარლამ არავიძის ოჯახისა" (1987) და სხვ.

კ-მ ქართ. ენაზე თარგმნა ა. ზე­გერსის, ე. შტრიტმატერის, ფ. კაფ­კას, ნ. ზაქსის, ი. ბახმანისა და სხვა­თა ნაწარმოებები.

თხზ.: ნარ­კვევები მე-20 საუკუნის გერმანული ლიტერატურიდან, თბ., 1964; პორტრეტები და სილუეტები, თბ., 1971; თომას მანი, თბ., 1973; სახელოვნებო და სალიტერატურო კოლაჟები, თბ., 1991; "Habent sua fata libelli" ანუ ერთი წიგნის თავგადასავალი, «არილი», 2009, №6.

კ. ბრეგაძე