კაკაბაძე პლატონ მიხეილის ძე

კაკაბაძე პლატონ მიხეილის ძე (1. IX. 1864, ხონი, – 10. XII. 1895, დაკრძალულია იქვე, მაცხოვრის ეკლესიის გალავანში), საოპერო მომღერალი (ლირიკულდრამატული ტენორი). დაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. აქვე ­გაიცნო და დაუახლოვდა ფ. ქორიძესა და მ. ბალანჩივაძეს, რ-ებმაც დიდი როლი შეასრულეს კ-ის მუს. გემოვნების ფორმირებაში. 1890 კ. მეგობრების დახმარებით გაემგზავ­რა პეტერბურგს და 1891 იქვე ჩაირიცხა კონსერვატორიაში. მალევე უნიკალური ხმის გამო მიავლინეს მილანში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც მისი პედაგოგი იყო ს. რონკონი. 1893–95 „იმერლის" ფსევდონიმით გამოდიოდა იტალიის საოპერო სცენებზე (ასრულებდა მთავარ პარტიებს ოპერებში – შ. გუნოს „ფაუსტი", გ. დონიცეტის „ფავორიტი ქალი" და სხვ.). 1895-იდან იგი რუსეთში დაბრუნდა და „მარიას თეატრში" დააპირა მოღვაწეობა, დებიუტიც და­უნიშნეს, თუმცა მოულოდნელად ავად გახდა და ხმაც დაკარგა. ამ ტრაგედიის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული მომღერალი მალევე გარდაიცვალა. კ-ს ჰქონდა უნიკალური ჟღერადობის ძლიერი ხმა, მდიდარი არტისტული მონაცემები.

ლიტ.: ც ა მ ც ი ­შ ვ ი ­ლ ი  ა., უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანნი, თბ., 1962.