კაკაბაძე პოლიკარპე მალხაზის ძე [23. II(7. III). 1893, სოფ. კუხი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 15. X. 1972, თბილისი], დრამატურგი. 1911 დაამთავრა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია. გატაცებული იყო ლიტ-რით. მისი პირველი ნოველა "ბრძენი მოქანდაკე" დაიბეჭდა 1915 ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება" (№46). 1919 დააარსა ჟურნ. "შვიდი მნათობი", რ-შიც დაიბეჭდა კ-ის პიესები: "სისხლი სინათლემდე" (№1) და "სამი ასული" (№2). 1924–25 კ. ახალდაარსებული "მნათობის" სათავეებთან იდგა. ამ ჟურნალში 1924 გამოქვეყნდა მისი პოემა "ძველი დაფები". (გ. ასათიანი). პიესა პირველად დადგა კ. მარჯანიშვილმა 1929; ახლებური იყო პიესის რ. სტურუასეული დადგმა შოთა რუსთაველის სახ. თეატრში (1974).
კ-ის პიესები მნიშვნელოვანი შენაძენია ქართ. დრამატურგიისათვის. ისინი დღემდე ინარჩუნებენ აქტუალობასა და მიმზიდველობას. ამის მიზეზია ეპოქის უმთავრეს პრობლემათა მაღალმხატვრულად გააზრება, თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებისათვის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მინიჭება, მკვეთრად ინდივიდ. გმირთა სახეების დიდი ოსტატობით გამოძერწვა და სხვ. ამიტომაც კ-მ სიცოცხლეშივე მოიპოვა საზბის დიდი აღიარება.
XX ს. 20- იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე მისი პიესები წარმატებით იდგმება ქართ. სცენაზე. 1925 შოთა რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე დაიდგა კ-ის დრამა "ლისაბონის ტუსაღები" (რეჟ. დ. ანთაძე; იგივე პიესა 1994 სათაურით "პორტოპოლოს ტუსაღები" დაიდგა კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში); 1938 კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში კი – კომედია "კოლმეურნის ქორწინება" (1937). ისტ. პიესა (კომედია) "კახაბერის ხმალი" ("დავით მერვე", 1954), რ-საც ასაზრდოებს ქართ. ფოლკლორის სახეები, პირველად დაიდგა 1957 ქუთაისში (რეჟ. თ. მაღალაშვილი), 1965 კი – თბილისში (კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე). 2014 შოთა რუსთაველის სახ. თეატრში რეჟ. რ. სტურუამ კ-ის რამდენიმე პიესის მიხედვით დადგა სპექტაკლი "ასულნი".
დიდი პოპულარობით სარგებლობს კ-ის კომედია "ყვარყვარე თუთაბერი" (1928), რ-იც ქართ. კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშია. პიესის პოპულარობა მისი პერსონაჟის ტიპურმა სახემ განსაზღვრა – ყვარყვარე მედროვეა, რ-იც ყველა ეპოქაში შეიძლება წამოატივტივოს ობიექტურმა ვითარებამ. ყვარყვარე იქცა ზოგად სახელად, ხოლო "ყვარყვარიზმი" – ამ მოვლენის აღმნიშვნელ ტერმინად. თ. ჭილაძის აზრით, "ყველა ადამიანის სულის კუნჭულში ზის პაწაწინა ყვარყვარე და მოთმინებით ელოდება ცხოვრების სცენაზე გამოსვლას". ყვარყვარე მსოფლიო ლიტ-რაში შექმნილი პერსონაჟების გვერდით დგას: "ყოველ ადამიანში მეტ-ნაკლებად ზის დონ კიხოტი, ჰამლეტი, ფალსტაფი, ყვარყვარე..." (ა. გეწაძე). ქართ. ფოლკლორული გმირის – ნაცარქექიას ნიღბით აღჭურვილმა გაიძვერა და თაღლითმა ყვარყვარემ «იცის მთავარი: როგორ მოექცეს ბრბოს, როგორ მოისყიდოს ან მოთანგოს იგი. მას რომ ეს "სიბრძნე" არ გააჩნდეს, ესოდენ საშიშიც არ იქნებოდა ჩვენთვის» (გ. ასათიანი). პიესა პირველად დადგა კ. მარჯანიშვილმა 1929; ახლებური იყო პიესის რ. სტურუასეული დადგმა შოთა რუსთაველის სახ. თეატრში (1974). რ. სტურუას აზრით, "ამ გენიოს კაცს არ მიეცა საშუალება, გამოევლინა თავისი თავი. მარტო ქართული პრობლემები არ არის მის პიესებში. პოლიკარპე კაკაბაძეს საკაცობრიო პრობლემები ეროვნულამდე დაჰყავდა... მე, როგორც რეჟისორი, ამ პიესით დავიბადე" ("თეატრი და ცხოვრება", 1994, №4). "ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით გადაღებულია ფილმი "ყვარყვარე" (1978, რეჟ. დ. აბაშიძე).
1958 კ-მ დაწერა საყურადღებო პიესა, კომედია "ლოპიანე" (გამოქვეყნდა მწერლის სიკვდილის შემდეგ, 1996); 1962 – პიესა "ცხოვრების ჯარა", რ-შიც განზოგადებულია თანამედროვეობის ტკივილები.
სიცოცხლის ბოლო ათწლეულში კ. ინტენსიურად მუშაობდა ისტ. დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამ. პოემები: "მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი" (1966), "მეფე ბაგრატ მეშვიდე"(1967); ტრაგედია "მეფე დიმიტრი თავდადებული" (1971).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: პიესები, თბ., 1952; რჩეული თხზულებანი, თბ., 1954; დრამატული თხზულებანი, თბ., 1959; დრამატული პოეზია, ტ. 1–2, თბ., 1971–73.
ლიტ.: ბ ე ნ ა შ ვ ი ლ ი დ., ლიტერატურული ძიებანი, თბ., 1972; გ ე წ ა ძ ე ა., პოლიკარპე კაკაბაძის უცნობი პიესა "ლოპიანე", გაზ. «ლიტერატურული საქართველო», 1996, №5–12; კ ა კ ა ბ ა ძ ე მ., ეროვნული გმირის იდეა პოლიკარპე კაკაბაძის "ვახტანგ გორგასალსა" და "კახაბერის ხმალში", «ლიტერატურული ძიებანი», XXIV, თბ., 2003; კ ა კ ა ბ ა ძ ე ნ., შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს, ანუ "პორტოპოლოს ტუსაღები", გაზ. «ქართული ფილმი», 1994, №40; კ ა ლ ა ნ დ ა ძ ე ა., ბრძენკაცი, ორტომეული, ტ. 2, თბ., 1996; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი გ., ქართული საბჭოთა დრამატურგია, ნაწ. 1, თბ., 1962; ჭ ი ლ ა ძ ე თ., დიდი კომედიოგრაფი, წგ.: ესეები, ნარკვევები, პუბლიცისტიკა, თბ., 2006; ჯ ი ბ ლ ა ძ ე გ., კრიტიკული ეტიუდები, [ტ.] 5, თბ., 1974; Паюровский Б., Тартюф – по грузински Кваркваре, გაზ. «Известия», 1991, 16 янв.
მ. კაკაბაძე