კაკაბაძე რევაზ სერგოს ძე (28. IX. 1928, თბილისი, – 2. XII. 1996, იქვე), მომღერალი (ბარიტონი), საქართვ. სახ. არტისტი (1985). 1953 დაამთავრა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი (გერმანული ენის სპეციალობით), 1959 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. გ. მარგიევის კლასი). 1961-იდან გარდაცვალებამდე თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრის სოლისტი იყო. შესრულებული აქვს 40-მდე მთ. პარტია, რ-თაგან განსაკუთრებით გამოირჩევა მურმანი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი"), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია"), რიგოლეტო, დი ლუნა, ამონასრო, იაგო (ჯ. ვერდის „რიგოლეტო", „ტრუბადური", „აიდა", „ოტელო"), ტომსკი (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი"), ტონიო (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები") და სხვ. 1959–61 ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. ფილარმონიაში. კ-ს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, შესანიშნავი ჟღერადობის ხმა, სცენური გარდასახვის უნარი. გასტროლებს მართავდა (თეატრთან ერთად თუ ინდივიდუალურად) უცხოეთის ქვეყნებში (გერმანია, პოლონეთი) და სხვ.