აჭარა

აჭარა, სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტის ალპანის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), მდ. რიონის მარჯვ. მხარეს, ლაჯანურის შესართავთან. ზ. დ. 560 მ, ცაგერიდან 20 კმ. 108 მცხ. (2014).

ა-ს იხსენიებს ი. გიულდენშტედტი 1772 ლეჩხუმის დასახლ. პუნქტების ჩამოთვლისას. ვახუშტი ბატონიშვილთან და უფრო ადრინდ. წყაროებში იგი არ არის მოხსენიებული. არის მოსაზრება, რომ სოფელი შექმნილია აჭარიდან გადმოსახლებული მოახალშენეების მიერ სამხრ. საქართველოში თურქთა მოძალების შემდეგ. ა-ის მახლობლად დგას სოფ. ალპანის წმ. გიორგის ეკლესია შხუდალა, რ-იც ამ ორი სოფლის საერთო სალოცავს წარმოადგენდა.

ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983.