თორდია რადიშ ტერენტის ძე

რ. თორდია, მუსიკა. 1073

თორდია რადიშ ტერენტის ძე (დ. 21. VIII. 1936, აბაშა), ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართვ. სახ. მხატვარი (1990). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1962). მისი პედაგოგები იყვნენ ს. ქობულაძე, უ. ჯაფარიძე. 1962-იდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. საქართვ. მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი (1978-იდან). პოეტური სულის მოძრაობაა ასახული თ-ს ჯერ კიდევ XX ს. 60–70-იან წლებში შესრულებულ სურათებში: „მოხუცი ბაბუაწვერათი" (1968, საქართვ. სურათების გალერეა; მეორე ვარიანტი – პიტერ ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ქ. კელნი), „მსახიობი ქალი ყვავილებით" (1978, საქართვ. სურათების გალერეა). ფაქიზი განწყობილებითაა გადმოცემული „მარინეს პორტრეტი" (1980, საქართვ. სურათების გალერეა). ამავე პერიოდში შეასრულა თბილ. მეტროპოლიტენის სადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის" მოზაიკური პანო [(1980) თანაავტორებთან ერთად, საქართვ. სახელმწ. პრემია (1980)]. მხატვრის პროფ. ოსტატობა, დახვეწილი კოლორიტი და ნახატის თანდათანობითი სრულყოფა კარგად აისახა 80–90-იან წლებში შესრულებულ სურათებში: „მოხუცის პორტრეტი" (1980, საქართვ. სამხატვრო ფონდი), „ზაფხული, ლიკანი და გოგონა" (1981, საფრანგეთი, კერძო კოლექცია), „მუსიკოსი" (1981, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), „მხატვრის სახელოსნო" (1981, საფრანგეთი, კერძო კოლექცია), „ცირკი" (1983, გერმანია, კერძო კოლექცია), „ცირკი, ბავშვობის მოგონებები" (1984, საფრანგეთი, კერძო გალერეა), „კაფე" (1985, ბერლინი, კერძო კოლექცია), „შემოდგომა ტყეში" (1986, შვეიცარია, კერძო კოლექცია), „გოგონა სანთლით" (1987, კანადა, კერძო კოლექცია), „ქალი ჩიტით" (1988, გაეროს მუზეუმი, ნიუ-იორკი), „ცირკი"(1989, კერძო კოლექცია, ვაშინგტონი), „მელანქოლია" (1992, ხელოვნების გალერეა, ქ. ჰიურთი, გერმანია), „გოგონა ნაძვის ხესთან" (1994, თურქეთი, კერძო კოლექცია) და სხვ. თ-ს პერსონალური გამოფენები მოეწყო: ტუნისში (1984), მოსკოვში (1988), თბილისში (1988, 1990), კელნში (1992). ცალკეული ნამუშევრები ექსპონირებული იყო სირიაში, ინდოეთში, ესპანეთში, კანადაში, აშშ-ში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეციასა და სხვ. ქვეყნებში. თ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართ. ფერწერის განვითარებაში.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

ა. ჩხარტიშვილი