თოიძე გრიგოლ (გივი) ვახტანგის ძე (18. XII. 1932, თბილისი - 10. II. 2022, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. სახ. მხატვარი (1988), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1981), თბილ. საპატიო მოქალაქე (1999). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1960; პედაგოგი – კ. სანაძე), იქვე ეწევა პედ. მოღვაწეობას, 1995-იდან – პროფესორი. თ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ფერწერულობა, ზუსტი ნახატი, თემის აქტუალურობა, მოქალაქეობრივი პათოსი, მაღალი პროფესიონალიზმი. გატაცებით ქმნის ძვ. თბილ. პეიზაჟებს. ძირითადი ნამუშევრებია: „შემოდგომა" (1966), „ახალი ცხოვრების დილა" (1967, ორივე კერძო საკუთრება), „ზამთარი" (1969, აღმ. ხალხთა ხელოვნ. მუზეუმი, მოსკოვი), „საყვარელი ქუჩა" (1974), „იდგნენ და ელოდნენ", „ქართული მიწის მადლი", „ენგურჰესი" (სამივე 1975, ყველა კერძო საკუთრება), „დღესასწაული ხევსურეთში" (1978, პანო, რუსთაველის სახელმწ. პრემია, ლიტერატორთა შემოქმედებითი სახლი, ბიჭვინთა), „ჩემს მეხსიერებაში" (1987), „სიზმარი" (1995), „ძველი თბილისი" (1996, კერძო საკუთრება) და სხვ. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1959-იდან, მ. შ. საზღვარგარეთის ქვეყნებშიც (რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, იაპონია, ინგლისი). პერსონალური გამოფენა ჰქონდა ქ. ნიქოზიაში (1987, კვიპროსი). მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართვ., რუს., იტალ., გერმ. ქალაქების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.