თოიძე მოსე ივანეს ძე (21. I. 2(II). 1871, თბილისი, – 17. VI. 1953, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი, სსრკ-ის სახ. მხატვარი (1953). სსრკ-ის სამხ. აკად. ნამდვ. წევრი (1947), შრომის გმირი (1932). თანამედროვე ქართ. ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. რევ. მხატვართა ასოციაციის („რევმასი") საქართვ. ფილიალის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე ძალისხმევით 1922 თბილისში დაარსდა სამხატვრო სტუდია, რ-საც 1930-მდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1930-იდან – პროფესორი).
თ. სწავლობდა თბილ. სახელოსნო სასწავლებელში, იქვე მუშაობდა ზეინკალ-მასწავლებლადაც. 1896-იდან მეცადინეობდა პეტერბურგში დიმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში, შემდეგ ი. რეპინის რეკომენდაციით ჩაირიცხა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში თავისუფალ მსმენელად. აქედან გადავიდა ი. რეპინის სახელოსნოში. სადიპლომო თემად წარადგინა დიდი ფერწერული ტილო „მცხეთობა" („ხატობა", 1898, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), რ-იც 1901 მოწყობილ სას.სამ. გამოფენაზე ჟიურიმ ოქროს მედლით დააჯილდოვა. 1903 მონაწილეობდა „პერედვიჟნიკების" 31-ე საგაზაფხულო გამოფენაში („მრეცხავი", 1902), 1904 – „კავკასიის მხატვართა საზოგადოების" გამოფენაში („ხელოსნის პორტრეტი", 1901; „ებრაელის პორტრეტი", 1903; ყველა – საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი). მუშაობდა სახვითი ხელოვნ. თითქმის ყველა დარგში, განსაკუთრებული ღვაწლი დასდო საყოფაცხოვრებო და ისტ.-რევ. ჟანრებს; ამას გარდა, ნაყოფიერად მოღვაწეობდა პეიზაჟის, ნატიურმორტის, პორტრეტის ჟანრში. მისი სურათებისათვის დამახასიათებელია ეპოქის მოწინავე იდეების რევოლუციურად აღქმა, დინამ. კომპოზიცია, ფერწერულობა. 1918 მხატვარმა შექმნა ტილო „რევოლუცია" (დაკარგულია). სხვა ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „მრისხანე ბატონი" (საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), "1905 წლის აჯანყება თბილისში", „26 კომუნარის დახვრეტა" (1928, დაკარგულია), „სამოვრის მელოდია" (1928, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი). თ. გამოჩენილი კოლორისტია. მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი თემაა ძვ. თბილისის ყოფა და ხედები („ბაზაზხანა", 1914; „მეთევზის დუქანი", 1919; „სამჭედლო", 1920; „მზიანი დღე", 1912; „ძველი თბილისის აშუღი", 1940). პოეტური და რომანტ. განწყობილების მატარებელია სურათების ციკლი „თბილისის მთვარიანი ღამეები". თ. ნაყოფიერად მოღვაწეობდა როგორც ილუსტრატორი. საყურადღებოა მხატვრის მიერ შექმნილი პორტრეტები: „სტახანოველ კიკნაძის პორტრეტი" (1928), ი. გრიშაშვილის პორტრეტი (1939, ი. გრიშაშვილის სახლ-მუზეუმი), მ. ჭიაურელის პორტრეტი (საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი) და სხვ. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „კვალი", „ცნობის ფურცელი", „ჯეჯილი", „ნაკადული", „ფასკუნჯი". მასვე ეკუთვნის ე. ნინოშვილის ორტომეულის ილუსტრაციები. იყო პატარა ზომის, აკვარელით შესრულებული სურათების ავტორი, თ-ის პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში (1972, 1979). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971; დ უ დ უ ჩ ა ვ ა მ., სახვითი ხელოვნება, ლიტერატურა, ესთეტიკა, წგ. 1, თბ., 1973; თ ო ი ძ ე ა., მოსე თოიძე, თბ., 1972; ფ ი რ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ო., მოსე თოიძე, თბ., 1953; Б е р и д з е В., Е з е р с к а я Н., Искусство советской Грузии, М., 1975.
ი. უზნაძე
მ ო ს ე თ ო ი ძ ი ს ს ა ხ ლ-მ უ ზ ე უ მ ი (ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ე რ ო ვ ნ უ ლ ი მ უ ზ ე უ მ ი ს ა), გაიხსნა 1972 წ. 18 იანვარს მხატვრის დაბადებიდან მე-100 წლისთავზე თავისსავე ბინაში. ფონდში 214 სურათია, რ-თაგან ექსპონირებულია 146, მ. შ. თბილ. თემაზე: „ძველი თბილისის აშუღი", „თბილისის სახურავები" და სხვ. სახლ-მუზეუმში ინახება მ. თოიძის შვილის, ირაკლი თოიძის 40 სურათი და მისი ცნობილი პლაკატი II მსოფლიო ომის თემაზე – „დედასამშობლო გვეძახის". წარმოდგენილია აგრეთვე სხვა მხატვრების: ქ. მაღალაშვილის, კ. სანაძის, ე. ბაღდავაძის, გ. თოიძის, ბ. ფოგელის, ე. კრატკოვის, ე. კიბრიკის, მ. მუსაევის და სხვათა ნამუშევრები, ი. ნიკოლაძის და კ. მერაბიშვილის სკულპტურები. ექსპონირებულია 86 სპარს. მინიატიურა (XIV–XVI სს.) თ-ის პირადი კოლექციიდან. სახლ-მუზეუმში პერიოდულად ეწყობა სხვა მუზეუმებიდან წამოღებული თ-ის სურათების გამოფენა; მ. შ. ცნობილია: „შოთა რუსთაველი იერუსალიმში", ა. თოიძის (მხატვრის ქალიშვილი) პორტრეტი ე. ჭავჭავაძის როლში.
სახლ-მუზეუმში ტარდება თემატური ლექცია-საუბრები ხელოვნებათმცოდნეობისა და ცალკეულ მხატვართა შემოქმედების შესახებ, საქველმოქმედო თემატური საღამოები, შეხვედრები, უცხოელ და ახალგაზრდა ქართვ. მხატვართა გამოფენები. ქველმოქმედების მიზნით 1990–91 სახლ-მუზეუმში პირველად ამოქმედდა ხელოვნებათმცოდნეობისა და ფსიქოთერაპიის საკვირაო სკოლა. სახლ-მუზეუმი აქტიურად მუშაობს ლტოლვილი ბავშვების ფსიქოთერაპიაზე არტთერაპიის მეშვეობით. 1994–95 სახლ-მუზეუმში ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ მოაწყო საერთაშ. შეხვედრები ლტოლვილთა ფსიქორეაბილიტაციის თემაზე. 1998 იანვრიდან სახლ-მუზეუმში ტარდება მეცადინეობა არტ-თერაპიაში. მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო ა. თოიძე (1972–85).
თ. ალიბეგაშვილი