თიკანაძე ივანე ელიშუქის ძე (1868, სოფ. მაკვანეთი, ოზურგეთის მაზრა, – 1943, თბილისი), მეან-გინეკოლოგი, მეცნ. მეანობის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1897), პროფესორი (1919). 1894 დაამთავრა პეტერბურგის სამხ.სამედ. აკადემია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ 9 წელი მუშაობდა ქ. ოზურგეთის ამბულატორიაში. 1907 მეანობა-გინეკოლოგიაში დახელოვნების მიზნით კვლავ პეტერბურგს გაემგზავრა. I მსოფლიო ომის წლებში თ. მოქმედ არმიაში იყო. ომის შემდეგ დაინიშნა თბილ. სამხ. ჰოსპიტლის მეანობა-გინეკოლოგიის განყ-ბის გამგედ და ჰოსპიტლის მთავარ ექიმად. 1919, თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტზე მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დაარსებისთანავე, თ. აირჩიეს კათედრის გამგედ, ამ კათედრას იგი გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.
თ. შეისწავლიდა სასქესო ორგანოების ანომალიებს და მათი ოპერაციული გზით მკურნალობის წესებს, სასქესო ორგანოების სიმსივნეების ეტიოგენეზსა და მკურნალობას, ორსულთა ტოქსიკოზს, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებით პროცესებს, უნაყოფობის პრობლემას და სხვ. დღესაც ფართოდ იყენებენ საშვილოსნოდან ატონიური სისხლდენის წინააღმდეგ თ-ის მიერ შემუშავებულ მეთოდს. თ-მ საქართველოში დანერგა მრავალი მეანგინეკოლოგიური ოპერაცია. გ. ღამბარაშვილთან ერთად პირველმა გამოიყენა რენტგენის სხივები მეანობაში. ნ. კახიანთან და გ. მუხაძესთან ერთად საქართველოში პირველმა გააკეთა ხელოვნური საშოს შექმნის ოპერაცია და სხვ.
თ. იყო საქართვ. მეან-გინეკოლოგთა სამეცნ. საზ-ბის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავ-რე, მას დიდი დამსახურება მიუძღვის თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის ორგანიზაციის საქმეში. აქტიურად მონაწილეობდა ჟურნ. „საბჭოთა მედიცინის" დაარსებაში და წლების განმავლობაში იყო მისი სარედაქციო კოლეგიის წევრი.
თხზ.: სამეცნიერო ტერმინოლოგიის მასალები (რუსულ-ქართული სამეანო და საგინეკოლოგიო ტერმინოლოგია), ტფ., 1920; მშობიარობის შემდეგი ატონიური სისხლის დენა და მასთან ბრძოლის საშუალებანი, ტფ., 1931.