თვარაძე რევაზ ალექსანდრეს ძე

რ. თვარაძე

თვარაძე რევაზ ალექსანდრეს ძე (15. VIII. 1928, სოფ. უხუთი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 23. VII. 2006, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1992). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1952). სხვადასხვა დროს იყო გაზ. „სახალხო განათლების" პასუხისმგებელი მდივანი, რედაქტორის მოადგილე (1952–57), ჟურნ. „ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანი (1957–62), ქართ. ენციკლოპედიის ენის, ლიტ-რისა და ხელოვნ. რედაქციის გამგე (1966–67), გაზ. „ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორი (1967–68), საქართვ. მეცნ. აკად. ფილოსოფიის ინ-ტის თანამშრომელი (1968–91), მარჯანიშვილის სახ. თეატრის დირექტორი (1973–75), ქართ. ლიტ-რის სახელმწ. მუზეუმის დირექტორი (1988), ქართ. ლიტ. ინ-ტის რუსთველოლოგიის განყ-ბის გამგე (1991–95), მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრ. ინ-ტის რელიგიების ისტორიის კათედრის გამგე (1991–98), ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილ. პედაგოგიური უნ-ტის ქართ. ლიტ-რის კათედრის გამგე (1995–96). 1998-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. ლიტერატურის ინ-ტის სექტორის გამგე.

თ-მ სამეცნ. და ლიტ. მოღვაწეობა 1952-იდან დაიწყო, გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი წერილი, თოთხმეტი წიგნი და თარგმანები. იყო „ქართული პროზისა" და „ქართული მწერლობის" ოცდაათტომიან გამოცემათა ერთ-ერთი შემდგენელი, ასევე არაერთი სხვა წიგნის შემდგენელი, რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი.

თ-ის თაოსნობით, თავისსავე შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე, საქართველოს სკოლებში 1994-იდან შემოიღეს ახ. საგანი რელიგია და კულტურა, რ-ის ხუთი სახელმძღვანელოს (მესამე-მეშვიდე კლასებისათვის), აგრეთვე პროგრამების ავტორი თვითონ იყო.

თ-ის სამეცნ. საქმიანობა უმთავრესად მოიცავდა ქართ. მწერლობის, რელიგ. და რელიგ.-ფილოს. აზრის ისტ. საკითხებს. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: „არეოპაგელი და რუსთაველი" (1971), „გალაკტიონი" (1972), „სიბრძნე ბალაჰვარისი" (1973), „თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა" (1985), „სოფელი და ზესთასოფელი"(1983), „სიყვარულის პლატონური მოძღვრება" (1985), „სიყვარულის არეოპაგიტული მოძღვრება" (1986), "„იყვარულის არეოპაგიტული მოძღვრება და ქართული მწერლობა"(1987), „სამყაროს მთლიანობის პრობლემა და არეოპაგიტიკა"(1988).

თ-ის თარგმანთაგან აღსანიშნავია უ. ფოლკნერის „სოფელი" (1972) და „ქალაქი" (1975).

თხზ.: ლიტერატურული წერილები, თბ., 1962; წიგნი და მკითხველი, თბ., 1971; წერილები, ლეგენდა გალაკტიონის ცხოვრებისა, თბ., 1978; გადასახედი, თბ., 1997; ლეგენდა გალაკტიონის ცხოვრებისა, თბ., 2001; „ცისკრის" პირველი დღეები. მოგონებათა წიგნი, თბ., 2008.

თ. ჩხენკელი