ბზიანი, შუა საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ახალსოფლის სამხრ.-აღმ-ით.
შემორჩენილია 2 ეკლესიისა და ზღუდის ნაშთი. კომპლექსიდან გამოირჩევა წმ. გიორგის ორნავიანი ეკლესია, რ-ის აღმოსავლეთით აფსიდით დასრულებული მთავარი ნავი განიერია და მაღალი. დაბალი და ვიწრო ჩრდ. ნავის აღმ. ნაწილში გამოყოფილია დამოუკიდებელი სათავსი, რ-იც კარით უშუალოდ საკურთხევლისწინა ბემასთან არის დაკავშირებული. ეკლესია გარედან შემოსილია ყვითელი ფერის თლილი ქვიშაქვის კვადრებით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები შირიმითაა ამოყვანილი. ფასადების დეკორ. ელემენტებს წარმოადგენს სარკმლების სათაურები. ინტერიერში სვეტისა და პილასტრების კაპიტელები შემკულია ჩუქურთმით. დეკორ. ელემენტებისა და არქიტ. ფორმათა მხატვრულ-სტილისტური ანალიზით, ძეგლი VII–VIII სს-ით თარიღდება. ეკლესია ორჯერ შეუკეთებიათ, უკანასკნელად – XIX ს. ბოლოს, რესტავრირებულია 2005–07. მეორე, ერთნავიანი ეკლესია უფრო გვიან არის აგებული აგურისა და ქვის შერეული წყობით. დანგრეული ეკლესიის ინტერიერში ფერწერის ნაშთია შემორჩენილი.
ლიტ.: ე ლ ი ზ ბ ა რ ა შ ვ ი ლ ი ი., ბზიანის წმ. გიორგის ეკლესია, «ძეგლის მეგობარი», 1984, № 67.
ი. ელიზბარაშვილი