თეთრაძე თამარ პეტრეს ასული

თ. თეთრაძე

თეთრაძე თამარ პეტრეს ასული (31. XII. 1922, თბილისი, – 2003, აშშ), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1976). 1942 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინ-ტი, 1953 – თბილ. ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტი. 1942–65 კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მსახიობი იყო. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გულთამზე და გვირისტინე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი" და „კოლმეურნის ქორწინება"), მაშა (ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები"), ბიანკა, ოლივია (უ. შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება", „მეთორმეტე ღამე"), ლაურენსია, ფელისიანა (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო", "ცეკვის მასწავლებელი"), ნატა ხარატელი, მუზა (მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა", კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები") და სხვ. თ-ს ახასიათებდა სცენური მომხიბვლელობა, საშემსრულებლო კულტურა, მკაფიო, დახვეწილი სცენური მეტყველება. ერთნაირი სიძლიერით ასრულებდა როგორც კომედიურ, ისე დრამ. როლებს.