თეთრაძე ნუნუ ილიას ასული

ნ. თეთრაძე

თეთრაძე ნუნუ ილიას ასული (23. XI. 1911, თბილისი, – 2. V. 1986, ბათუმი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1957). დაამთავრა რუსთაველის თეატრთან არსებული თეატრ. სტუდია (აჭარის ჯგუფი). 1932–37 იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 1937-იდან მოღვაწეობა განაგრძო ბათუმის დრამ. თეატრში. იგი განეკუთვნება მსახიობთა იმ პლეადას, რ-მაც ი. კობალაძესთან, მ. ხინიკაძესთან, ხ. მეგრელიშვილთან და სხვებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა პროფ. თეატრს აჭარაში. მისი თამაში გამოირჩეოდა ემოციურობით, დრამატიზმით, ერთნაირი სიძლიერით ასრულებდა როგორც დრამატულ, ასევე ტრაგიკულ როლებს, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ემილია, ჰერტრუდა (უ. შექსპირის „ოტელო", „ჰამლეტი"), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე"), ვასა ჟელეზნოვა (მ. გორკის „ვასა ჟელეზნოვა"), ლიუბოვ იაროვაია (კ. ტრენიოვის „ლიუბოვ იაროვაია"), ნუნუ (ა. ყაზბეგის „მამის მკვლელი"), რუქაია (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი") და სხვ.